არ ვაპირებთ თანხის გადახდას - ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისიის მიერ არხისთვის გამოწერილ ჯარიმას არ გადაიხდიან და სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მისი შეფასებით, დღეს გამოტანილი გადაწყვეტილება უკანონოა.
"დღეს, მარეგულირებელმა კომისიამ ჩათვალა და მიიღო უპრეცენდენტო ოდენობის ჯარიმის გადაწყვეტილება ჩვენს წინააღმდეგ. ეს არის 112 ათასი ლარი. დღეს აბსოლუტურად უკანონოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება 2 კლიპის გამო. პირველი - "სირცხვილიას" კლიპი, არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილ იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე კლიპი იყო, გახსოვთ ალბათ, "კლავს". ერთი იყო პოლიტიკოსებზე, რომლებიც სააკაშვილზე საუბრობდნენ, მეორე იყო ციხის ადმინისტრაციაზე.
აღნიშნული კლიპები ხელისუფლებამ ჩათვალა და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ, წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევის მიზნით მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ესეც შეიძლება ჩაითვალოს. მე ვკითხულობ - ვისი არჩევის ან რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ. ან ვისი არჩევის მოტივაციით იყო ახლა ეს. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი. შესაბამისად, ფორმალურადაც და მატერიალურადაც, აბსოლუტურად მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი სამოქალაქო და სარედაქციო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას.