ველოდი, რომ ჩემს რძალს ბრალი დაუმძიმდებოდა - ნოდარ ღუნაშვილის დედის პირველი კომენტარი
კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის დედა, მოსამართლის მიერ გამოტანილი ვერდიქტის შესახებ პირველად "ტვ პირველთან" საუბრობს.
ხათუნა რაზმაძე მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ კახიშვილისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯით კმაყოფილია, თუმცა, იქვე ამბობს, რომ მისი რძალი, სასტიკი დანაშაულის დაფარვის ბრალდებით გასამართლებულ ქეთევან ჩხაიძე, დანაშაულის თანამონაწილეა და უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს.
რაზმაძემ კომენტარი მადლობის გადახდით დაიწყო. შვილმოკლულმა დედამ მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც, მისი თქმით, "გვერდში ედგა და რომელთა მხარდაჭერასაც ბოლო 9 თვის განმავლობაში გრძნობდა".
"უვადო პატიმრობას ველოდებოდი, მადლობა მინდა, ვუთხრა მოსამართლეს. იმედი მქონდა, რომ ქეთის ბრალი დაუმძიმდებოდა, მაგრამ მოსამართლის მხრიდან ამაზე მეტი ალბათ არ შეიძლებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მაგის გამო და მისგან გამომდინარე მოხდა"- თქვა ღუნაშვილის დედამ.
რაც შეეხება მკვლელობაში მსჯავრდებულის განცხადებას, რომ მას ხათუნა რაზმაძისთვის "რაღაც ჰქონდა სათქმელი", ნოდარ ღუნაშვილის დედის თქმით, ზურაბ კახიშვილს სალაპარაკოდ დროც და საშუალებაც ბევრჯერ ჰქონდა.
34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, ზურაბ კახიშვილის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. რაც შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულ ქეთი ჩხაიძეს, მოკლულის ცოლს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ღუნაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში მათი რძალიც მონაწილეობდა.
ნოდარ ღუნაშვილის ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა 14 მარტს იპოვა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი.
შემზარავი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში პოლიციამ 33 წლის მამაკაცის ბავშვობის მეგობარი, ზურაბ კახიშვილი, დააკავა. დაკავებულია ასევე ღუნაშვილის ცოლი, ქეთევან ჩხაიძე. მას გამოძიება დანაშაულის დაფარვაში ედავება.
წყარო - tvpirveli