თეგებით ძიება

"მოსახლეობა დენზე ფასის ზრდას მშვიდად არ და ვერ შეხვდება. ამას აუცილებლად მოჰყვება მღელვარება და ხალხის გამოსვლები" - ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება სოციალურ ქსელში ვრცელდება:

"ინტერვიუ არქივიდან

გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №3 (2006 წელი, მარტი)
რუბრიკა „და მე გეტყვით თქვენ“ - ინტერვიუ ლელა კაკულიასთან

— ქალბატონო ლელა, გასული თვის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიან და აქტუალურ თემად იქცა რუსეთში ქართული პროდუქციის აკრძალვა. მართალია, მეზობელი გვარწმუნებს, რომ ჩვენს პროდუქციას მხოლოდ და მხოლოდ წმიდა ეკოლოგიურ-სანიტარული თვალსაზრისით იწუნებს, მაგრამ ჩვენში ეჭვიც არავის ეპარება, რომ ეს სადამსჯელო ღონისძიებაა, ვინაიდან ქართული ღვინო, „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, ვაშლი თუ სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები ნამდვილად მაღალხარისხოვანი და ეკოლოგიურად სუფთაა.

— ნატურალური პროდუქცია დიდი რაოდენობით მთელ მსოფლიოში არსად არსებობს. ქიმიური ნაერთებით ბუნებრივი ინგრედიენტების ჩანაცვლება, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელში, ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ქართული ღვინოები მართლაც გამოირჩეოდა ყველასგან თავისი ხარისხით. ამიტომაც იყო სმისმოყვარული რუსეთი კმაყოფილი. არ უნდათ ნორმალური ღვინო? ახლა სვან სუფთა ქიმია ან გადაიხადონ ერთ ბოთლში 700 დოლარი...
ისე, რომ იცოდეთ, ამ პროცესებს რუსულ-ებრაული მაფია მართავს.

— როგორც კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მთავრობა საკუთარ ქვეყანაში ქართული ღვინის შეტანას კრძალავდა, თქვენ მაშინვე ბრძანეთ, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იყო ჩვენებური ნაწარმის აკრძალვათა სერიისა და მალე სხვაც ბევრი რამ „დაიწუნებოდა“. მართლაც, რუსეთი სულ მალე „ანტიქართულ დიეტაზე დაჯდა“.

— მე ვთქვი ის, რასაც ვხედავდი, და ვთქვი სიმართლე. ახლაც სიმართლეს გეტყვით: რა თქმა უნდა, ეს წინასწარგანზრახული ეკონომიკური დარტყმაა. რუსეთს არ მოსწონს ჩვენი მთავრობა და ყველანაირად ცდილობს მოაშოროს ისინი ხელისუფლებას. საამისოდ გეგმა შემუშავებული აქვთ და სწორედ ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია ეს ეკონომიკური ემბარგოც. რუსები იმედოვნებენ, რომ ქართველი გლეხისა თუ მეწარმის ჯიბეზე მიტანილი ძლიერი იერიში გამოიწვევს მათ უკმაყოფილებას საკუთარი მთავრობის მიმართ; დაზარალებული ადამიანები ხელისუფლებას არასწორი პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულებენ და მათ მოთხოვენ პასუხს შექმნილ ვითარებაზე.

მე ყოველთვის ვწერდი, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ მზაკვრული გეგმები აქვთ და აღარ იციან, რითი გაანადგურონ საქართველო, როგორი სახის ტერორი ჯობია, ღამეებს ათევენ ამაზე ფიქრში-მეთქი. ჰოდა, ეს ნაბიჯიც ფარული აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა.

— როდის დასრულდება ეკონომიკური სადამსჯელო ღონისძიება?

— ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის მთავრობები მოლაპარაკებათა მაგიდას არ მიუსხდებიან. მაგრამ მოლაპარაკებას ვერ ვხედავ. რუსეთი არ ენდობა ამჟამინდელ მთავრობას. ბოლოს ყველაფერს უფალი დააწყობს საქართველოს სასარგებლოდ.

რუსეთი ვერ ეღირსება საქართველოს დაცემასა და განადგურებას. მას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის ევროპისა და აზიის უმთავრესი შემაერთებელი რგოლი და ეს ფუნქცია, უფლის ნებით, ყოველთვის ექნება. აბრეშუმის გზა რუსეთამდე არსებობდა და კვლავაც იარსებებს. ის, რაც დღეს ხდება, დროებითია და აღსრულდება წინასწარმეტყველება ნებითა უფლისა, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ამ ეტაპზე კი სიფრთხილე გვმართებს.

ხაზგასმით აღვნიშნავ: ჟირინოვსკის გამოსვლებს აგდებით ნურავინ მოეკიდება. მისი ტექსტები მეტად საინტერესო და საყურადღებოა, ვინაიდან, მერწმუნეთ, მათში ცხადდება კრემლის რეალური პოზიცია; ჟირინოვსკი ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც კრემლში ფიქრობენ. გახსოვდეთ, მე — ლელა კაკულია, არასდროს ვცდები!

— ამის დასტურად იმდენი მაგალითის მოტანა შეიძლება, რამდენი წინასწარმეტყველებაც ოდესმე წარმოთქმულა თქვენგან. თუნდაც, დაღესტანთან დაკავშირებული ხედვა.

— ჯერ კიდევ 1993 წელს ვწერდი, რომ რუსეთს დაღესტნიდან ელის უზარმაზარი საფრთხე — დიდი ომი; ზუსტად აქ წაიმტვრევს რუსეთი კისერს, რადგან მათ წინააღმდეგ გაერთიანდებიან და მოიმართებიან ჩრდილო კავკასიელები. სწორედ მაშინ დასჭირდება რუსეთს საქართველოს მეგობრობა და კეთილგანწყობა.

— თქვენ წინასწარ იცოდით ბელარუსში მიმდინარე არჩევნების შედეგი: ლუკაშენკო მესამე ვადით პრეზიდენტი გახდებოდა. ის კი არა, უფრო შორსაც წახვედით...

‼— დიახ, და ვთქვი, რომ მეოთხე და მეტი ვადითაც გახდება პრეზიდენტი. ამას საკუთარი თვალით ნახავს ყველა.
— რას იტყვით ბელარუს-საქართველოს მომავალ ეკონომიკურ ურთიერთობაზე?

— თუ ამ კითხვაში რუსეთის მიერ „დაწუნებული“ პროდუქციის ბელარუსში შეტანას გულისხმობთ, ეს ტყუილი მცდელობა იქნება — ბელარუსი არ მიიღებს ამ წინადადებას.

— ამერიკის ხელისუფლებაში, როგორც თქვენ წერდით, მართლაც მოვიდნენ რესპუბლიკელები...

— ოდნავ მოგვიანებით კი დავინახე და ვთქვი, რომ რესპუბლიკელებს კვლავ დემოკრატები შეცვლიან და ეს ჯორჯ ბუშის შემდეგ მოხდება.

— ამერიკა აზერბაიჯანში საკუთარი ბაზების განთავსებას აპირებს...
— მე ვიხილე და დავწერე: ამერიკა აზერბაიჯანს ისეთ პროგრამას ჩაუტარებს, რომ ეს ქვეყანა მომავალში ფეხს ვერ გააფაფხურებს-მეთქი. სწორედ ეს მოლაპარაკებებია საწყისი ეტაპი ამ წინასწარმეტყველებისა.

— ქალბატონო ლელა, თქვენ არაერთგან წერთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ჰესებს, ვინაიდან მათგან კატასტროფები გვემუქრება. ორიოდე კვირის წინ ენგურჰესის გაშვებამ სავალალო შედეგები მოიტანა: მოვარდნილმა წყალმა უამრავი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ.

— ...და ახლა ხუდონჰესის აღდგენაზე დაიწყეს ფიქრი, არა? ჯერ იმას მიხედონ წესიერად, რაც აქვთ. ხუდონჰესი ჯერ ოცნების სფეროა.
— არადა, ელექტროენერგიაზე ტარიფები იზრდება. რა მოჰყვება ამას?

— საქართველოს მოსახლეობა დენზე ფასის ზრდას მშვიდად არ და ვერ შეხვდება. სამწუხაროდ, ამას აუცილებლად მოჰყვება მღელვარება და ხალხის გამოსვლები.

— დაბოლოს, მიულოცეთ აღდგომა თქვენი ფიქრისა და ჭმუნვის მუდმივ მიზეზს — საქართველოსა და ქართველებს.

— ვულოცავ ჩემს საქართველოს, ქართველებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, უპირველესად კი, ყველაზე შეჭირვებულ ადამიანებს.

დაე, თქვენს სულებში მუდამ იკიაფოს იმედის სანთელმა და ისე გასხივოსნდეს, რომ თავისი ძალით დაამარცხოს ყოველგვარი ბოროტი ჩემს ქვეყანაში.

გჯეროდეთ, რომ მოხდება საოცრება, როცა უფალი მთელ მსოფლიოში მხოლოდ საქართველოსთვის მოიცლის და ამით გადარჩება სრულიად საქრისტიანო. ამინ!!!
ქრისტე აღდგა, საქართველო!".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა