„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე არის არნახული, დღეს თუ აიცრებით, 2-3 თვე მაინც არ იქნებით დაცულები“ - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ წერს.
„ომიკრონი“ რამდენიმე დღეში საქართველოშიც ოფიციალურად დადასტურდება. არაოფიციალურად ომიკრონი უკვე „დაბოდიალობს“ საქართველოში და ეს ყველამ ვიცით. 60-ზე მეტ ქვეყანაში „ომიკრონი“ უკვე დადასტურდა. მარტო ბრიტანეთში დღეისათვის ყველა ახალი ინფიცირებულის 40% „ომიკრონის“ ვარიანტზე მოდის.
„ომიკრონის“ გავრცელების სისწრაფე არის არნახული. ასე სწრაფად კორონავირუსის არც ერთი ვარიანტი არ გავრცელებულა და, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში ის იქნება დომინანტი ვარიანტი ევროპაში, ახლო მომავალში კი მსოფლიოშიც, საქართველოს ჩათვლით.
ომიკრონის ასაცილებლად გაძლიერებული „დაცვა” არის საჭირო და, სავარაუდოდ, საჭიროა კოვიდ ვაქცინების მე-3 დოზების სასწრაფოდ ადმინისტრირება. შესაბამისად, მსოფლიოში მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე, „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ არის დეფიციტი.
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე
დაიცავით დისტანცია
დაიბანეთ ხელები
გაანიავეთ შენობები ყოველ 15-20 წუთში
აიცერით ვაქცინის მე-3 დოზით.
სამწუხაროდ, ვინც დღემდე არ/ვერ აიცრა, უკვე გვიანია, ვინაიდან აცრიდან მხოლოდ 45 დღეში არის დაცვა და უკვე ვიცით, რომ ომიკრონისგან დასაცავად ბუსტერია საჭირო. შესაბამისად, დღეს თუ აიცრებით, 2-3 თვე მაინც არ იქნებით დაცულები. ვინც არ/ვერ ხართ აცრილები, თქვენი ერთადერთი ძლიერი შეიარაღება არის სამედიცინო პირბადე და დისტანცია", - წერს ფხაკაძე.