2021 წელს კრისტალმა 50 აშშ მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ მიმდინარე წელს ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მიიღო.
საერთაშორისო პარტნიორებს შორის ისეთი გავლენიანი და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები არიან, როგორებიცაა FMO, BlueOrchard, Symbiotics, responsAbility Investment AG და ა.შ.
მიღებული საკრედიტო რესურსები სხვადასხვა სტრატეგიულ და მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის, მცირე და საშუალო კომპანიების, მიკრო მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდებისა და ფერმერების ინოვაციური ფინანსური სერვისებით მხარდაჭერას, განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის წახალისებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პროდუქტების დახვეწასა და გამრავალფეროვნებას მოხმარდება. ამას გარდა, მოზიდული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე, გამოწვევების დაძლევასა და აღდგენით პროცესებზე დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ უცხოურ კაპიტალზე გაზრდილი წვდომის, ახალი საკრედიტო რესურსებისა და უწყვეტი თანამშრომლობის საფუძველზე, მიმდინარე წლის ივლისში სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა „კრისტალის“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი სტაბილურად შეაფასა და გააუმჯობესა.
„ფინანსური ნაკადების უწყვეტობამ, მაღალი რეპუტაციის მქონე ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელებამ და გაღრმავებამ, განსაკუთრებით კი პანდემიის ფონზე, „კრისტალი“, როგორც სანდო, შედეგზე ორიენტირებული კომპანია და სტაბილური პარტნიორი, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. ეს არა მარტო ჩვენს მდგრად განვითარებაზე, არამედ ზოგადად ქვეყანაში მეწარმოებისა და ეკონომიკის წინასვლაზეც პოზიტიურად აისახება“, -აღნიშნავს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
კომპანია ადგილობრივ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობასა და მათგან დაფინანსების მოზიდვის კუთხით მუშაობას 2022 წელსაც გააგრძელებს.
„კრისტალი“ საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 366 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს მართავს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 49 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 120,000 მომხმარებელს ემსახურება. „კრისტალი“, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა, მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. იგი პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება მოიპოვა. 2020 წელმა „კრისტალმა“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა და მთავარი ჯილდო მან ქალთა გაძლიერებისა და მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისთვის მიიღო.