თეგებით ძიება

"ხელისუფლება უკვე მეორედ გვაყენებს გამოუსწორებელი ზარალის წინაშე" - ROKVA Festival

"ROKVA Festival" აცხადებს, რომ ხელისუფლება მუდმივად უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კომპრომისზე და უკვე მეორედ აყენებს მათ გამოუსწორებელი ზარალის წინაშე. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "tia.ge" უცვლელად გთავაზობთ:

"17, 18 და 19 დეკემბერს განვითარებული მოვლენების ფონზე, გესაუბრებით იმ უცნაური მოცემულობიდან, სადაც, გუშინდელი ღონისძიებით ბედნიერი ადამიანებიც არსებობენ და ამასთან, ნაწილისთვის, ღამე საერთოდ არ შედგა.

"მოლაპარაკების" ფორმატი, რომელშიც სახელისუფლებო ინსტიტუტი, შრომის ინსპექცია, შანტაჟის რეჟიმში ესაუბრება საკლუბო სივრცეების წარმომადგენლებს და გახსნის განხილვის გადადებით ემუქრება წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, არის აბსურდი, სიჯანსაღისგან სრულიად დაცლილი პროცესი და სახელმწიფოსგან სფეროს და ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების სრული უგულვებელყოფა.

ყველანაირ რაციონალურ შეფასებას სცდება მოვლენების ამ თანმიმდევრობით განვითარება:

პარასკევს ჩანიშნული ყველა ღონისძიება ჩატარდა, შემოწმებების ფონზე, მაგრამ ჩატარდა;

ამასთან ერთად, პრობლემა გახდა შაბათს, იმავე ლოკაციებზე დაანონსებული შეხვედრების გამართვა, ოღონდ, ესეც მხოლოდ შაბათს, დღის მეორე ნახევარში გადაწყდა.

ამ "მოლაპარაკებებში" ჩართულ ყველა სივრცეს აქვს ფუფუნება, დაგეგმილი ღონისძიება გადადოს მომავალ პერიოდზე, მაშინ, როდესაც, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, ჩვენთან უკვე მიმდინარეობდა საღამოს ძირითადი ნაწილი.

ჩვენს შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია სივრცის მეპატრონეების პოზიცია: მხარში დგომის დაპირების მიუხედავად, ისინიც შეაშინეს, მოსალოდნელი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, რომელიც მოულოდნელად და არსაიდან დადგებოდა, პარასკევის ღონისძიების დაჯარიმების გარეშე; ფაქტობრივად, ღონისძიების გაგრძელება შეუძლებელი გახდა მაშინ, როდესაც ზაფხულში სახელმწიფოსგან მოწყობილი საბოტაჟის მსხვეპრლები უკანასკნელ ძალებს ვიკრებთ სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რასაც ემსახურებოდა კიდეც ROKVA SPINOFF.

ხელისუფლება მუდმივად უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კომპრომისზე და უკვე მეორედ გვაყენებს გამოუსწორებელი ზარალის წინაშე, მაშინ, როცა ქვეყანაში არსებული ყველა ღია თუ დახურული სივრცე, გარდა კლუბებისა, შეუფერხებლად მუშაობს კოვიდრეგულაციების დაცვით.

ვფიქრობთ, რომ ინსტიტუტებთან, რომელმაც არაერთხელ არ შეასრულა დაპირება, ნებისმიერი სახის დიალოგი დროის კარგვაა, ამის მაგალითია 18 დეკემბერს შემდგარი უსასრულო შეხვედრა, სადაც, შედეგად მხოლოდ იმავე საღამოს დაგეგმილი ღონისძიებების გადადება და ჩვენ შემთხვევაში, გაუქმება მივიღეთ.
ირონიულია, რომ გვესმის სიტყვები: "მოლაპარაკება," "სფეროს საერთო ინტერესები," "მხარდაჭერა" და სხვა, შედეგი კი ჩვენი ღონისძიების ზედიზედ მეორედ გაუქმებაა, კომპრომისის გარეშე და ორმაგი სტანდარტით.

აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ ნახევრად ჩატარებული ღონისძიება ქმედითად, არაფერს ცვლის: აქაც, სახეზეა უსაფუძვლო სტანდარტი, ნაწილობრივი თვალის დახუჭვა პროცესებზე პრინციპული პოზიციების დაფიქსირებისთვის. კოვიდ-უსაფრთხოება რომ მეასეხარისხოვანი მიზეზია, ცხადად ჩანს ამ რამდენიმე დღეში განვითარებულ მოვლენებში.

მიუხედავად ყველაფრისა, შევხვდებით ძალიან მალე.

ინფორმაციას ბილეთების შესახებ მოგაწვდით უახლოეს მომავალში", - ნათქვამია "ROKVA Festival"-ის განცხადებაში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა