„სადღესასწაულო დღეები ინფექციის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვევს“ - ეპიდემიოლოგები
„ჯოენის“ სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა, მაია კაშიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა.
„მდგომარეობა ქვეყანაში არის ძალიან რთულია, გველოდება სადღესასწაულო დღეები, რაც თავის მხრივ გაზრდის მობილობას როგორც ქალაქში, ისე ქალაქებს შორის, რაც გამოიწვევს ინფექციის უკონტროლო გავრცელებას. შეიძლება ითქვას, რომ სადღესასწაულო დღეების შემდეგ პირდაპირ შევაბიჯებთ მეექვსე ტალღაში. რამდენად რთული იქნება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაიცავს მოსახლეობა სადღესასწაულო დღეებში რეგულაციებს და რამდენად სწრაფად ჩაერთვება ჩვენი მოსახლეობის აუცრელი ნაწილი იმუნიზაციის პროცესში“, - განაცხადა მაია კაშიამ.
ექიმის თქმით, თუ „ომიკრონის“ შტამი გავრცელდება, მდგომარეობა მეტად დამძიმდება.
„მდგომარეობა ისევ საყურადღებოა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა „ომიკრონის“ შტამი ეს გარდაუვალი იყო. თუ კი გავითვალისწინებთ „ომიკრონის“ სწრაფ გავრცობადობას, არ არის გამორიცხული რომ მისი მასშტაბები გაიზარდოს და არც ის არის გამორიცხული, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასნებოვდეს. „ომიკრონის“ სწრაფი გავრცობადობის შემთხვევაში ცხადია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია გარკვეული პრობლემები ჰოსპიტალურ სექტორსაც შეექმნას. აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა“, - აღნიშნავს მაკა ბულეიშვილი.