შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა გარდაბანში - ახალი დეტალები
,,ტვ პირველმა" გარდაბანში მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალების მოპოვება შეძლო.
ირკვევა, რომ 37 წლის რაულ ზაკიტოვს კუთვნილი ავტომობილი გასულ წელსაც დაუწვეს, თუმცა პოლიციამ ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვა.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის უკან სწორედ ის პირები დგანან, რომლებმაც ზაკიტოვის მანქანა დაწვეს.
"ჩემს შვილს ამ პირებმა მანქანაც დაუწვეს, ერთი წლის წინ მოხდა ზუსტად ეს შემთხვევა. ჩვენ სამგორში ვიყავით, ამ პირებს ჩვენ კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ ზუსტად ამ პირებმა, ვინც მოკვლა სცადეს, დაუწვეს მანქანა. საიდან ქონდათ ამ პატარა ბავშვებს ავტომატი, საიდან აიღეს, არ ვიცი. შვილი არაფერს მეუბნებოდა ამ ამბავზე, საიდან დაიწყო მათ შორის დაპირისპირება, არც ვიცი. ტრაგედიამდე ის სახლში იყო, მითხრა, დედა, მალე დავბრუნდებიო, მაგრამ მერე დამირეკეს და მითხრეს, ასეთი რამ მომხდარა"- აცხადებს დაჭრილი ბიჭის დედა.
37 წლის ფოლად ზაკეტოვის მკვლელობის მცდელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. რუსეთში მცხოვრები ავტოდილერის ჩაცხრილვის საქმეზე ბრალდებულთა ასაკი 28 წელს არ აღემატება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები არიან 1995 წელს დაბადებული ფ.ა., 1998 წელს დაბადებული ე.მ და 2001 წელს დაბადებული ქ.ო.
დაკავებულთაგან ორს, ფ.ა.-ს და ქ.ო.-ს ბრალი ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა -შენახვა-ტარებასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო ე.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული.
რაც შეეხება "ფოლად" ზაკეტოვს, ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
წყარო - "ტვ პირველი"