4 კომპანიის მმართველი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ერთი პირი მისცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისივე მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის განახორციელა მომსახურების მიწოდების ამსახველი 72 ერთეული ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას დამატებული ღირებულების გადასახადში უსაფუძვლოდ წარმოეშვა 318 026 ლარის ოდენობის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში ბრალდებულმა გამოიყენა ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 185-ე მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.