"გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე" - შსს
ბოლო დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების პირადი ნივთების ჩამორთმევასა და გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება განმარტავს, რომ "პოლიციის შესახებ" კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 249-ე მუხლის მიხედვით, პოლიციას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლება აქვს, დროებით ჩამოართვას, ან შეუზღუდოს პირს ნივთის ფაქტობრივი ფლობა.
"პირადი ნივთები, რომლის ჩამორთმევაც ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე მოხდა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.