ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ გარკვეული დროის შემდეგ კორონავირუსზე დღეს არსებულმა ვაქცინებმა და ტესტებმა არ იმოქმედონ.
"ამის გამორიცხვა შეუძლებელია, თუმცა ჯერჯერობით, რა მონაცემებიცაა, შვეიცარიელების კვლევა გამოქვეყნდა და გამოვიდა, რომ ორჯერ აცრა „ომიკრონის“ შემთხვევაში სიკვდილისგან 9-ჯერ იცავს, ანუ ადამიანს 9-ჯერ ნაკლები რისკი აქვს სიკვდილის, ხოლო „ბუსტერი“ 40-ჯერ მეტად იცავს. ვაქცინები ინფიცირებისგან ნაკლებად გვიცავენ, მაგრამ სიკვდილისგან ძალიან ეფექტიანად გვიცავენ. რაც შეეხება ტესტებს, ბევრი ჭორი გავრცელდა. პირველად რომ გამოჩნდა „დელტა“, მაშინაც იგივე საუბარი იყო, რომ სწრაფი ტესტი არ მუშაობს.
ახალი შემთხვევების ნახევარი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდესაც ეს სწრაფი ტესტი კეთდება. თუ ადამიანი უსიმპტომოა, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, მაშინვე არ გაიქცეთ, გადავიდეთ თვითიზოლაციაში და სიმპტომების გაჩენიდან მე-2 მე-3 დღეს, სწრაფი ტესტი კარგად იჭერს. ხან „პისიარიც“ ვერ იჭერს – ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნოს. ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა პაატა იმნაძემ„პალიტრანიუსის“ ეთერში.