თეგებით ძიება
02. 02. 2022 COVID - 19

"ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება" - მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ე.წ. კოვიდპასპორტების გაუქმებას და ვაქცინაციის პრობლემას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"გულწრფელად რომ ვთქვა, ომიკრონის პირობებში კოვიდ პასპორტის გაუქმებაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ და არც ის მგონია, რომ ეს ფაქტი ეპიდ სიტუაციას გააუარესებს (მეტი რაღა უნდა გაუარესდეს, ესეც არ მესმის), იმიტომ რომ:

1. კოვიდ პასპორტის რეგულაციის (ისევე როგორც ზოგადად რეგულაციების) აღსრულება ძალიან ცუდად ხდებოდა და ფაქტიურად ფორმალური ხასიათი ქონდა.

2. კოვიდ პასპორტმა ვაქცინაციის ტემპებს დიდად რომ არ უშველა, ესეც ცხადია.
3. ჩვენთან კოვიდ პასპორტი იმათაც ქონდათ, ვინც დიდი ხნის წინ გადაიტანა კოვიდი, არადა, ეს ხალხიც ძალიან ეფექტურად ინფიცირდება ომიკრონით.

4. ვაქცინის მთავარი ამოცანა არ არის (არც ადრე იყო დიდად და ომიკრონის პირობებში მითუმეტეს) ინფიცირებისგან დაცვა, ვაქცინის მთაცარი ამოცანაა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა, ანუ გართულებების და სიკვდილის რისკის შემცირება და ამ მისიას აშკარად ასრულებს. ამიტომ კოვიდ პასპორტის, როგორც ინფექციის გავრცელების შემცირების საშუალების როლი არც ისე მნიშვნელოვანია. ანუ ის ფაქტი, რომ ადამიანს კოვიდ პასპორტი აქვს, სულ არ ნიშნავს, რომ ის ინფექციის წყარო ვერ იქნება.

5. კოვიდ პასპორტს ერთადერთი მნიშვნელობა შეიძლება ქონოდა ამჟამად ინფიცირებულების შემთხვევაში, რადგან კოვიდ პასპორტში ჩანს, რომ ადამიანს ახლახანს დაუდასტურდა კოვიდი (ესეც მხოლოდ რეგისტრირებული შემთხვევის დროს და თანაც თუ პირი, რომელიც კოვიდ პასპორტს ამოწმებს, საერთოდ დააკვირდება ამას).

6. ძალინ უცნაურია, რომ ზოგიერთი ადამიანი ნანობს, აბა ვაქცინა რატომ გავიკეთე, თუ პასპორტი მაინც გაუქმდებოდაო. კიდევ ვიმეორებ, ვაქცინაციას ადამიანები კოვიდ პასპორტის მისაღებად კი არა, სტაციონარში მოხვედრის და ჟანგბადზე მიერთების რისკის შესამცირებლად უნდა იკეთებდნენ. აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენთან სიკვდილობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ზუსტად ის ხალხი ერიდება ვაქცინის გაკეთებას, ვისაც ყველაზე მაღალი რისკი აქვს გართულებების, ანუ ვისაც სხვადასხვა დაავადება აქვს. ჯანმრთელები უფრო აქტიურად იცრებიან და არა ისინი, ვისაც ყველაზე მეტად ჭირდება.

სხვათა შორის, ამას შეიძლება ისიც უწყობდეს ხელს, რომ აცრამდე სრულიად უსარგებლო კითხვარი ივსება, სადაც ეკითხებიან ამა თუ იმ დაავადების შესახებ. ეს აჩენს განცდას, რომ თუ ეს დაავადება გაქვს, აცრა არ შეიძლება. არადა, არც ერთი ეს დაავადება არ არის აცრის წინააღმდეგჩვენება. საერთოდ, სრულიად აუხსნელია, რა საჭიროა ეს კითხვარი. ზედმეტი დროის ხარჯვაა და კიდევ ვიმეორებ, ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ რადგან ეკითხებიან, ესე იგი ამ დაავადებების დროს აცრა პრობლემაა", - წერს მაია ბუწაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა