ივლისამდე საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილი უნდა იყოს - თამარ გაბუნია
2022 წლის იმუნიზაციის გეგმის მიხედვით, რომელიც დღეს იმუნიზაციის საბჭომ განიხილა, ივლისამდე საქართველოს სრული მოსახლეობის 70 პროცენტი უნდა აიცრას – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„გეგმის ვერსია, რომელიც დღეს ჩვენ განვიხილეთ, ბუნებრივია, მიჰყვება საერთაშორისო რეკომენდაციებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე არის, რომ საერთო მოსახლეობის 70% ივლისის თვემდე უნდა იყოს აცრილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც სასურველი მიზანი არის, მივყვეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფონიც და საჭიროებებიც, რაც „ომიკრონის“ შემდეგ იქმნება. ამან შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები, როგორც სამიზნეებთან დაკავშირებით, ასევე დეტალებთან დაკავშირებით. სამიზნე ჯგუფები ვაქცინაციის მიზნეებისთვის მომავლ წელსაც არის იგივე, ეს არის: მაღალი ასაკის მოსახლეობა, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სხვა ესენციური ჯგუფები, ვისაც აქვს ზოგადად მაღალი რისკი თავისი პროფესიიდან გამომდინარე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების მოცვა. ასევე, გეგმა აკეთებს აქცენტს ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზე. გეგმაში ასევე გათვალისწინებულია დღეს შემუშავების პროცესში მყოფი ვაქცინების ბაზარზე გამოჩენის შესაძლებლობა, რომელთაც ექნებათ კიდევ განსხვავებული მახასიათებლები, იქნებიან ადაპტირებული ახალ შტამებთან მიმართებაში, გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის პროცესში“, – განაცხადა გაბუნიამ.