თეგებით ძიება

"ნათია მანქანამ გაიტანა... მძიმე და ძნელი ბავშვობა ჰქონდა ... ასე ჩუმად ჩაქრა მისი სიცოცხლე..." - ნანა ბეკოშვილი

პედაგოგი, ნანა ბეკოშვილი, სოციალურ ქსელში ტრაგიკულ და მძიმე ისტორიას აქვეყნებს:

"გუშინ ნათია გაიტანა მანქანამ. ნათია ჩემს სოფელში გაიზარდა, თმაგაწეწილი, დახეულკაბიანი და ფეხშიშველი დარბოდა თავისი უკიდურესად ღარიბული სახლის ეზოში. თითქმის ყოველდღე ვხედავდი. ჩემზე ბევრად პატარა გოგოს ჩემზე ბევრად მძიმე და ძნელი ბავშვობა ჰქონდა, თუმცა, იქნებ მე მეჩვენებოდა ასე და ის გაცილებით ბედნიერი იყო ჩემზე. ძალიან ლამაზიც. სილამაზემ სად იცის მდიდრისა და ღარიბის გარჩევა. ასე იყო თუ ისე, ნათია ცოცხალი იყო და ხარობდა ამ სიცოცხლით. გუშინ კი მაღაზიაში გამოსულს მანქანა დაეჯახა, საღსალამათს, უკვე სამი შვილის დედას...

თვალწინ მიდგას დახეულფლოსტებიანი, ნაჩუქარკაბიანი, მაგრამ მუდამ კეთილად მოცინარი ნათია, პატარა გოგო, რომელიც ჩემს ბავშვობას მარგალიტივით შემორჩა. ასე უბრალოდ, უაზროდ და ჩუმად ჩაქრა მისი სიცოცხლე გუშინ...
კიდევ მეტყვით, რატომ წუწუნებ წუთისოფლის უსამართლობაზეო?", - წერს ნანა ბეკოშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა