თეგებით ძიება

დე-ფაქტო ცხინვალმა საოკუპაციო ძალებთან ერთად, საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე მონიტორინგი დაიწყო

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან ერთად, არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს ე.წ. საზღვართან ოპერატიული ვითარების მონიტორინგი დაიწყო. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეთია" ავრეცლებს.

გამოცემის ცნობით, მონიტორინგი მიზნად ისახავს "შესაძლო საფრთხეებზე" დროულ რეაგირებას, ასევე ე.წ. სასაზღვრო ნაწილში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები მოუწოდებენ ე.წ. რესპუბლიკის მოსახლეობას, "შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ აყვნენ დესტრუქციული ძალების პროვოკაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს სამხრეთ ოსეთში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გართულებას დონბასში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე".

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თავდაცვის სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი ყაზარმულ რეჟიმში გადაიყვანეს.


შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიები - აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა და მათი ოკუპაცია განახორციელა. კრემლი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

დღეს დილით, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ ეტაპზე უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ოკუპანტები უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღებას ცდილობენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა