პირველი ჰუმანიტარული დამხარება უკრაინის მოსახლეობას ჯპს-ს და ფარმადეპოს აფთიაქებისგან
უკვე მეხუთე დღეა, ფარმაცევტული კომპანიები ჯპს და ფარმადეპო საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარულ ვაუჩერებს არიგებენ. ომის დაწყებიდან სწორედ პირველებმა მოახდინეს 1 მილიონზე მეტი ლარის ჰუმანიტარულ დახმარების გამოყოფა ჩვენს ქვეყანაში დარჩენილი უკრაინელებისთვის. საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ და გაანაღდონ 100 ლარის „ფარმაცევტული ჰუმანიტარული ვაუჩერი“ ჯპს-ის ან ფარმადეპოს ქსელში.
მალევე, ჯპს-ს და ფარმადეპოს ქსელების ინიციატივით განხორციელდა ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება, რომელიც უკრაინაში გაიგზავნა.
„მთელი გუნდი სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვუსურვებთ, მათ ქვეყანაში სწრაფად დაისადგუროს მშვიდობამ. რადგანაც თითოეული ჩვენგანისთვის ნაცნობია ოკუპანტი ქვეყნის თავდასხმისგან გამოწვეული დანაკარგი და ემოციები, განსაკუთრებით განვიცდით ჩვენს მეგობარ ქვეყანაში არსებულ ვითარებას და გვსურს, მისი მოქალაქეების მხარდასაჭერად მცირედი წვლილი შევიტანოთ. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრების თანადგომასა და მხარდაჭერას და ჩვენც გვსურს, უკრაინის მოქალაქეებს სოლიდარობა გამოვუცხადოთ,“ - ნათქვამია კომპანიების ერთობლივ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, ვაუჩერის მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებმა ჯპს-სა და ფარმადეპოს ფილიალებში მხოლოდ პასპორტი უნდა წარადგინონ.
„ჩვენ მოვუწოდებთ კოლეგებს სხვადასხვა სააფთიაქო კომპანიებიდან შემოგვიერთდნენ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.