თეგებით ძიება

მესტიაში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისს დაატოვებინებენ

მესტიაში „ალტ-ინფოს“ პარტიას ოფისს დაატოვებინებენ. ინფორმაციას "მთის ამბები" ავრცელებს.

ახალგაზრდების ორგანიზებით, მესტიაში, უკრაინის სოლიადარობის აქცია გაიმართა. მოგვიანებით, რუსული პროპაგანდის გასაპროტესტებლად აქციის მონაწილეებმა „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გადაინაცვლეს.

„როცა ეს ოფისი გაიხსნა მაშინ ხალხის უმეტესობამ არ ვიცოდით თუ რომელი პარტია იყო. მას შემდეგ, რაც გაირკვა თუ ვინ იყვნენ და ამავდროულად ომი დაიწყო, ახალგაზრდების ნაწილმა გავაპროტესტეთ. შელაპარაკებაც მოგვივიდა ოფისის წარმომადგენლებთან“, - ნატა ჯაფარიძე გვიყვება, რომ ახალგაზრდები პარტიისგან ითხოვდნენ, ბანერი ჩამოეხსნათ და ოფისი დაეკეტათ. მათ ფართის მეპატრონესაც მიმართეს, გაეუქმებინა ქირავნობის ხელშეკრულება.

„აქციის მიმდინარეობისას, გავაკეთე განცხადება რომ უნდა მივსულიყავით ოფისთან და გაგვეპროტესტებინა. ვისაც სურვილი ჰქონდა წამოსულიყო. აქციის ყველა მონაწილე წამოვიდა. იქ ისმოდა შეძახილები, „არა რუსეთს“, „არა რუსულ პროპაგანდას“, „პუტინ ხუილო“ და „სლავა უკრაინა“, ბოლოს მათ ბანერს დავუშინეთ კვერცხები და შესასვლელთან დავკიდეთ უკრაინის დროშა“. ფართის მეპატრონე დაგვპირდა, რომ უმოკლეს ხანში ოფისი დაიცლება“.

ამ თემაზე - „ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

მესტიის ცენტრში, თამარ მეფის ქუჩა N16-ში მდებარე შენობა, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციაა განთავსებული, იური (ხუტა) რატიანს ეკუთვნის. 2018-2019 წლებში იური რატიანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. ის კენჭს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებშიც იყრიდა, ამავე პარტიიდან სიის მეოთხე ნომრად, მაგრამ საკრებულოს წევრი ვეღარ გახდა. ამავე შენობაშია მესტიის საოლქო-საარჩევნო კომისიაც.

მესტიაში პრორუსული პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი რატიანია, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომელი იყო და მესტიის მუნიციპალიტეტს კურირებდა.

ოფიციალურად, რატიანი სუს-ის თანამშრომელი აღარ არის 2021 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც საინიციატივო ჯგუფმა, გასული წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მესტიის მერობის კანდიდატად წარადგინა.

მესტიის გარდა, „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულ მოძრაობას საქართველოს რეგიონებში 40-მდე ოფისი აქვს და სულ 77 ოფისის გახსნას გეგმავს. უცნობია, როგორ ქირაობს და აწყობს მოძრაობა ქალაქების ცენტრალურ უბნებში ოფისებს, მაშინ როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 18 თებერვლის ჩათვლით, მხოლოდ 36 675 ლარი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა