„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, გარწმუნებთ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი - ბიძინა ივანიშვილი
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, 2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა.
„2012 წლამდე საქართველოს არ ჰქონდა რეალური ევროპული პერსპექტივა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კი საქართველოს მოუპოვა უვიზო მიმოსვლა, შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. გარწმუნებთ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ამ პროცესს აუცილებლად მივიყვანთ ლოგიკურ დასასრულამდე და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდება საქართველო ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურის მიმართულებით „ქართული ოცნების“ მიღწევებზეც ისაუბრა.
„2012 წელთან შედარებით, არნახული ზრდა გვაქვს ინფრასტრუქტურის მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით. შენდება უმაღლესი სტანდარტის ოთხზოლიანი საერთაშორისო მაგისტრალები. მოხდა რკინიგზის მოდერნიზაცია და მისი გამტარუნარიანობის ზრდა; გაიზარდა და იზრდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთა ნაკადი; იწყება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და ანაკლიის პორტის მშენებლობა. 2012 წელს ტურიზმის შემოსავალი ერთი მილიარდ 400 მილიონი დოლარი იყო, 2024 წელს კი 4.5 მილიარდ დოლარს შეადგენს; 2012 წელთან შედარებით, არნახულად გაიზარდა დაფინანსება სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი გლეხები და ფერმერები თავისუფლად სარგებლობენ სპეციალურად მათზე მორგებული სახელმწიფო პროგრამებით; შედეგად, რეალობიდან, როდესაც ღვინის სამშობლოში კახელი გლეხი ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ვენახების ფართობი მთელ საქართველოში 70%-ით არის გაზრდილი. ექვსჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავება, ღვინის ექსპორტი კი 65 მილიონი დოლარიდან 259 მილიონი დოლარი გახდა; 2012 წელს ჩვენი მევენახეების შემოსავალი 70 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს კი 350 მილიონ ლარს მიაღწია; 2012 წლის შემდეგ აშენდა: 63 ჰიდრო ელექტრო სადგური, ორი თბოელექტრო სადგური და ერთი ქარის ელექტროსადგური; არსებული გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ენერგეტიკულად სრულად დამოუკიდებელი ქვეყანა. 2012 წელთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა განათლების სფეროს დაფინანსება; თვისობრივად გაუმჯობესდა სასწავლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა, აშენდა ახალი სკოლები, ბაღები და რაც მთავარია, საშუალოდ 500 ლარით გაიზარდა ჩვენი ძვირფასი პედაგოგების ანაზღაურება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა