თეგებით ძიება

გახდება თუ არა რიკოთის მაგისტრალი ფასიანი? - საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტება

ავტომაგისტრალების ფასიანად გადაქცევა არ განიხილება - ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე არც განიხილება და არც მიღებულია რაიმე გადაწყვეტილება რიკოთის მაგისტრალის ან ქვეყნის სხვა საავტომობილო გზების ფასიან რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის დაჩქარება დაკავშირებულია მხოლოდ პროექტის დროულად და ხარისხიანად დასრულების აუცილებლობასთან. აღნიშული გზის მნიშვნელობა განპირობებულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებით, ისე ქვეყნის საგზაო ქსელის მდგრადობითა და უსაფრთხოებით.

შესაბამისად, საუბარი ალტერნატიულ ფუნქციაზე არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც ფასიანი გზების შემოღების წინაპირობა“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

დეპარტამენტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არასწორად აფასებს.

„ამასთან, მივიჩნევთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებულ სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან თემას ეხება, თუმცა არასწორია.

საერთაშორისო პრაქტიკაში გზების დაფინანსებისა და მართვის სხვადასხვა მოდელი არსებობს და მსგავსი საკითხები საჭიროებს კომპლექსურ ანალიზს, ფართო პროფესიულ განხილვასა და საზოგადოების წინასწარ ინფორმირებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობისთვის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით სარგებლობა უფასოა და ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება დღის წესრიგში არ დგას“, - წერია განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მომავალშიც გააგრძელებს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და არსებული ქსელის გაუმჯობესებას მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთის შექმნის გარეშე.

„მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გაშუქებისას, ინფორმაციის სრულყოფილად და დაბალანსებულად მიწოდების მიზნით, შესაბამისი უწყების ოფიციალური პოზიციაც გადაამოწმონ და საზოგადოებას სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდონ“ - წერია ინფორმაციაში.

ცნობისათვის, დღეს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ (TCRC) გამოაქვეყნა ანალიტიკური მასალა, სადაც გამოთქმული იყო ვარაუდი იმის შესახებ, ხომ არ იგეგმება რიკოთის მაგისტრალის ფასიან გზად გადაკეთება. ეს ვარაუდი ემყარებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას, რომელიც აქამდე ე.წ. გაჭიანურებულ პროექტთა ნუსხას მიეკუთვნებოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა