მიწის ნაკვეთის შეძენის გზამკვლევი - რა უნდა იცოდეთ უსაფრთხო მშენებლობისთვის
საკუთარი სახლის აშენება - ეს არის პროცესი, რომელიც იწყება არა საძირკვლის ჩაყრით, არამედ სწორად შერჩეული მიწის ნაკვეთით. ხშირად, მომავალი მეპატრონეები ყურადღებას მხოლოდ ფასსა და ხედზე ამახვილებენ, თუმცა უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებლის შექმნა გაცილებით კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. თუ გსურთ, რომ სამშენებლო პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართოს და თქვენი ინვესტიცია მყარ საფუძველზე იდგეს, მიწის შეძენამდე რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი დეტალის გადამოწმებაა აუცილებელი.
მიწის სტატუსისა და მდგომარეობის შემოწმება
მიწის შერჩევისას უპირველესად აუცილებელია საჯარო რეესტრში ნაკვეთის მონაცემების, მისი მდგომარეობისა და სტატუსის შემოწმება. ნაკვეთის შეძენამდე უნდა გადამოწმდეს მიწის სტატუსი — საკარმიდამო მიწაა, სასოფლო თუ არასასოფლო. საკარმიდამოსა და სასოფლოს შემთხვევაში შეუფერხებლად შეძლებთ სახლის აშენებას, ხოლო არასასოფლოს შემთხვევაში დაგჭირდებათ სტატუსის ცვლილება, რაც დამატებითი ხარჯია და წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ. ამასთან, მნიშვნელოვანია შემოწმდეს, ამონაწერში მიწის ნაკვეთის ფართობი რამდენად არის დაზუსტებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაგჭირდებათ აზომვითი ნახაზის მომზადება და საჯარო რეესტრში აღნიშნული ფართობის დაზუსტება.
ადგილმდებარეობა
სახლის მდებარეობა დიდწილად განსაზღვრავს მობინადრეთა ცხოვრების ხარისხს, კომფორტსა და საჭირო ობიექტებთან მის ხელმისაწვდომობას. ამიტომ ადგილმდებარეობის იერსახის, მიმდებარე ლანდშაფტისა და ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურას, კომუნიკაციის წერტილებსა და საგზაო მდგომარეობას. სასურველი მიწის ნაკვეთის სიახლოვეს არსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ ინფორმაციას მარტივად მიიღებთ ელექტრონულად საჯარო რეესტრის მისამართზე (maps.gov.ge ან maps.tbilisi.gov.ge) თქვენი საკადასტრო კოდის დახმარებით, რომელიც სექტორის, კვარტალის, მიწის ნაკვეთის ნომრის და წილის კოდებისგან შედგება.
ამასთან, მიწის შეძენამდე აუცილებლად უნდა გადამოწმდეს, რამდენად არის ხელმისაწვდომი ელექტროენერგია აღნიშნულ ტერიტორიაზე, ხელმისაწვდომია თუ არა ცენტრალური წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემა, არსებობს თუ არა ბუნებრივი გაზის ქსელი, ინტერნეტი და კავშირგაბმულობა. რაც მთავარია, უნდა დარწმუნდეთ გაყვანილია თუ არა გზა, რამდენად მარტივად მისადგომია სივრცე ავტომობილით და ფეხით მოსიარულეებისათვის.
გეოლოგიური პირობების დადგენა
სახლის მშენებლობამდე აუცილებელია ტერიტორიას ჩაუტაროთ მიწის გეოლოგიური კვლევა, შეამოწმოთ ზონის სეისმური აქტივობა, ნიადაგის მდგომარეობა, რათა ამის მიხედვით შეარჩიოთ საძირკვლის ტიპი, სამშენებლო მასალები და თქვენი საცხოვრებელი გარემო მომავალში შესაძლო საფრთხეებისგან დაიცვათ. ასევე, უნდა მოიძიოთ შესაბამისი ინფორმაცია, რამდენად არის აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაში, როგორია ადგილის კლიმატური მდგომარეობა, ჰავა, რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია აქ დასახლება.
მიწის შეძენამდე მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ კონკრეტული ზონის საშუალო კოეფიციენტი, რომელიც მშენებლობის უფლებასა და მის ინტენსივობას განსაზღვრავს. არსებობს სამი ტიპის კოეფიციენტი - 1, 2, 3, რომლებიც მიწის ნაკვეთის ათვისების ინტენსივობას მიუთითებს. მაგალითად, თუ მიწა სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს, ტერიტორია დაბალი სამშენებლო კოეფიციენტით ისარგებლებს და მესაკუთრეს შეზღუდული ტიპის შენობის აშენების უფლება ექნება. კოეფიციენტებისა და ზონირების შესახებ ინფორმაციის მიღებას კი ელექტრონულად აღნიშნულ მისამართზე შეძლებთ: maps.tbilisi.gov.ge.
მიწის ღირებულების განსაზღვრა
კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდე უნდა გაითვალისწინოთ, მიწის ღირებულებაა, რომელიც დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, როგორებიცაა ადგილმდებარეობა, დედაქალაქთან და ცენტრალურ რეგიონებთან სიახლოვე, ფართობი, განაშენიანების მაჩვენებელი, საინვესტიციო პოტენციალი, კომუნიკაციებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
მიწის ნაკვეთის შეძენა საპასუხისმგებლო ნაბიჯია, რომელიც ემოციურ გადაწყვეტილებებს უფრო ანალიტიკურ მიდგომას საჭიროებს. ყოველი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი — რეესტრის მონაცემებიდან დაწყებული, გეოლოგიური კვლევითა და ზონირების კოეფიციენტებით დასრულებული - თქვენი მომავალი კომფორტის საწინდარია.