მითვისებული სივრცეები - რა ეშველება დაკარგულ ეზოებს?!
თბილისის, როგორც მზარდი მეტროპოლიის, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არა მხოლოდ ახალი შენობების არქიტექტურა, არამედ არსებული საცხოვრებელი სივრცეების ფუნქციონალური კრიზისია. ამ პროცესის მძევლად კი ყველაზე მეტად საერთო სარგებლობის ეზოები იქცნენ - სივრცეები, რომლებიც კერძო ინტერესების გამო საერთო რესურსობიდან გაქრნენ.
თბილისის არაერთი უბნის არაერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს ნაწილი წლების წინ რატომღაც ვიღაცას „ერგო“. ის, ასევე, რატომღაც, 9 სართულიანი კორპუსის არა მეხუთე და მეექვსე სართულის მობინადრის, არამედ პირველ, მესამე ან მეოთხე სართულზე მცხოვრების საკუთრება გახდა (ეს გაანგარიშება პირობითია). ამის გარდა, „ვიღაცამ“ გადაწყვიტა და საერთო სარგებლობის ეზოს ნაწილი შემოღობა, ბარიერით გადაკეტა და მხოლოდ მისი მანქანის დასაყენებელ ადგილად აქცია ან სულაც ბოსტანი გააშენა.
ასე შემოეძარცვა თბილისს საერთო სარგებლობის სივრცეები, რამაც შეამცირა მწვანე ზონებიც და ამის პარალელურად გამოითქმის უკმაყოფილება ქალაქში შეცვლილ კლიმატზე, უჰაერობაზე, ავტომობილებისთვის არასაკმარის ადგილებსა თუ ქაოსზე.
პრობლემა ისაა, რომ საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსებს არ აქვს ოფიციალურად გაფორმებულის სტატუსი, ეზოები ფორმალურად არც სახელმწიფო საკუთრებაა და არც კერძო. ბევრი კორპუსის ეზო საჯარო რეესტრში საერთოდ არ არის რეგისტრირებული, რაც სამართლებრივ პასუხისმგებლობას არავის აკისრებს და იწვევს გაურკვევლობას.
პრობლემას ისიც ართულებს, რომ ეს მისაკუთრებული ეზოები, ხშირ შემთხვევაში, მოუვლელია და კუსტარულად შემოღობილი ე. წ. ნაკვეთები ქალაქს იერსახეს უკარგავს.
თბილისის ურბანულ დაგეგმარებას გარკვეული ხარვეზები რომ აქვს ეს სიახლე ნამდვილად არ არის. ეზოების შემთხვევაში კი არ არსებობს მათი დაცვისა და საერთო სივრცეების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის ნორმები. არ არსებობს სისტემური რეგულაცია, რომელიც აღკვეთდა ან დააბრუნებდა თვითნებურ მითვისებას. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ეზოების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა მნიშვნელოვანია და ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ეზოების საერთო სარგებლობაში დასაბრუნებლად.
როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ეზოების ნაწილი ჯერ კიდევ წლების წინ აქვს მოსახლეობას გაფორმებული და ასეთ ქონებას მერია ვერავის ჩამოართმევს. ეს ეხება როგორც მიშენებებს, ასევე ეზოებს თუ ავტოფარეხებს.
ალბათ, ყველამ კარგად იცის და ქალაქის მმართველობასაც მოეხსენება, რომ ამ სივრცეების საერთო მიზნებისთვის გამოყენება ანუ „უკან დაბრუნება“ ადვილი არ იქნება, თუმცა ფაქტია, რომ პრობლემა მოსაგვარებელია და ადრე თუ გვიან ქალაქმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება მათ დასაბრუნებლად.
ეზოები, ზოგადად, სოციალური ინტეგრაციის სივრცედ მიიჩნევა, სწორედ ამიტომ ბევრგან დღესასწაულები, სხვადასხვა კატეგორიის კულტურული შეხვედრები და ღონისძიებები იმართება. ეზო აღიქმება არა საკუთრებად, არამედ საერთო რესურსად და პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტს ეკისრება.
მსოფლიოს ბევრ ქალაქში მცხოვრებლებს საერთო სარგებლობის ეზოებზე კოლექტიური პასუხისმგებლობა აქვთ და ლოკალურად ამკვიდრებენ წესებს, რომელთა დაცვაც ყველასთვის სავალდებულოა. მაგალითად, ტალინში ქალაქის მთავრობა კოოპერატივებს სთავაზობს სუბსიდიას, თუ მობინადრეებს ეზოს მოწესრიგება ან გახსნა სურთ. კრაკოვში ეზოების საერთო გამოყენება გაწერილია ადგილობრივ წესდებაში, დამრღვევს მუნიციპალიტეტი აჯარიმეს ან იძულებით დემონტაჟს ახორციელებს.
ეზოების დაბრუნება ქალაქისთვის არ არის მხოლოდ საპარკინგე ადგილების ან სკვერების დამატების საკითხი; ეს არის ურბანული სამართლიანობის აღდგენის მცდელობა. სანამ საკანონმდებლო დონეზე არ მოხდება საბჭოთა პერიოდის კორპუსების მიმდებარე ტერიტორიების სტატუსის მკაფიო განსაზღვრა და მათი მუნიციპალურ სარგებლობაში დაბრუნების ეფექტიანი მექანიზმების შექმნა, თბილისი დარჩება ქალაქად, სადაც კერძო ღობეები საზოგადოებრივ ინტერესებს ჩრდილავს. ცვლილება აუცილებელია, რადგან ქალაქი, რომელიც ეზოებს კარგავს, საკუთარ სოციალურ იდენტობასაც კარგავს.