თეგებით ძიება

ერთი სისტემა 1 მილიონ დოლარამდე ღირს - როგორ შეიძლება მოხდეს საქართველოს გზებზე სატვირთო ტრანსპორტის წონის კონტროლი - TCRC

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სატვირთო ტრანსპორტის წონის ნორმის კონტროლის მიზნით, სპეციალური სასწორების გამოყენების შესაძლებლობა დააანონსა.

აღნიშნულთა დაკავშირებით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC), ანალიტიკურ მასალას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ ტექნიკურ დეტალებზე, რომელიც გაზრდილი ტვირთნაკადების პირობებში, სატვირთო ტრანსპორტის წონის ნორმის ავტომატიზირებული კონტროლის სისტემების დანერგვისას არის გასათვალისწინებელი.

TCRC-ს განმარტებით, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო საავტომობილო გზებზე, ზენორმიულ ღერძზე მოსული დატვირთვით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გზების სხვადასხვა სახით დაზიანებებს იწვევენ. მათივე მონაცემებით, საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობასა და მოვლა-შენახვის სამუშაოებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლო 10 წელიწადში ჯამურად 30 მილიარდ ლარზე მეტია დახარჯული.

თუ როგორ შეიძლება მოხდეს საქართველოში სატვირთო ტრანსპორტის წონის კონტროლი - „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრს“ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი მოჰყავს.

„მსოფლიოს მრავალ, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, ფართოდ ინერგება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პარალელურად წონით-გაბარიტული კონტროლის სისტემები.

უკრაინაში რამდენიმე წლის წინ ყველაზე ტვირთდაძაბულ კიევი–ჩოპის მონაკვეთზე ექვსი სტატიკური ტიპის წონით-გაბარიტული კონტროლის Weigh-in-Motion სისტემა იქნა დამონტაჟებული.

Weigh-in-Motion სისტემის გამოყენების უპირველეს მიზანს მძიმე წონიანი სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა დაზიანებისგან დაცვა წარმოადგენს.

Weigh-in-Motion სისტემის ერთი კომპლექტის სავარაუდო ღირებულება 1 მლნ დოლარია. არსებულ გზაგამტარზე მოწყობის შემთხვევაში ღირებულება 20%-ით მცირდება.

რუსეთი - საკუთარი საავტომობილო გზების შენახვის ერთ-ერთ მიმართულებად სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტული ზომების ავტომატიზებული კონტროლის სახელმწიფო სისტემის (АСВГК) დანერგვას მიიჩნევს.

რუსეთის შესაბამისი საგზაო სამსახურების შეფასებით, მძიმე წონის სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზების დაზიანებით გამოწვეული ზარალი 2.6-ჯერ აღემატება ამავე სატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო ფონდში ან ფასიანი გზებით სარგებლობის ჯამურ გადასახადს.

ექსპერიმენტულად დამტკიცებულია, რომ სატრანსპორტო საშუალების მიერ 10%-ით გადაჭარბებული ღერძზე მოსული დატვირთვა იწვევს 40–45%-ით საგზაო საფარის სტრუქტურულ ცვეთას.

რუსეთის გზების მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა ღერძზე მოსული დატვირთვა 6 ტონას არ უნდა აჭარბებდეს.

ყაზახეთმა ამ პრობლემის დასარეგულირებლად შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2026 წლიდან შეზღუდა ყველა ტიპის ე.წ. სამასვალების გადაადგილება, რომლის წონა დასაშვებ ნორმებს აჭარბებს.

ამასთან, კანონით პასუხისმგებლობა გადავიდა წიაღის ან ნედლეულის მომპოვებელ კომპანიაზე. მაგალითად, თუ წიაღის მომპოვებელი კომპანია წლის განმავლობაში დაუშვებს, რომ მის საკუთრებაში მყოფმა ან არენდირებულმა სატრანსპორტო საშუალებამ ორჯერ დაარღვიოს სატრანსპორტო საშუალების წონითი ნორმა, ასეთ კომპანიას წიაღის მოპოვებაზე კონტრაქტი გაუუქმდება და შესაბამისი ლიცენზია წიაღის მოპოვებაზე ჩამოერთმევა.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. სამასვალები სატვირთო პარკის 35%-ს შეადგენს. სტატისტიკურად ყოველწლიურად გზების დაზიანების 25 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, საიდანაც 60% ე.წ. სამასვალების მიერ არის გამოწვეული.

ყაზახეთი ვარაუდობს, რომ საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად საგრძნობლად გააუმჯობესებს გზების მდგომარეობას.

საქართველოში მძიმე წონის სატრანსპორტო საშუალებების მიერ საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების შესამცირებლად აუცილებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე შეირჩეს სპეციალური არეალები, სადაც მოეწყობა სატრანსპორტო საშუალების ღერძზე მოსული დატვირთვებისა და გაბარიტების გამზომი Weigh-in-Motion ტიპის სტატიკური სისტემები.

შიდა და საერთაშორისო გზებზე ღერძზე მოსული დატვირთვის უნიფიცირებისათვის აუცილებელი იქნება სათანადო ცვლილებების გათვალისწინება იმ სატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომლებიც ინტენსიურად იყენებენ შიდა დანიშნულების საავტომობილო გზებს“,-წერს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა