თეგებით ძიება

თბილისში, სადაც სტიქიის ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟდება

თბილისის მერია წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიისთვის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემას ყიდულობს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 648 559 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 7 ივლისს დაიწყება და 20 ივლისს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ფარგლებში მერია გეოლოგიური დაზვერვის აპარატებს, ასევე გეოდეზიურ, ჰიდროგრაფიულ, ოკეანოგრაფიულ და ჰიდროლოგიურ ხელსაწყოებს თანმდევი მომსახურებით (მოწყობა-ექსპლუატაცია) ყიდულობს.

ტექნიკური დავალების თანახმად, მონიტორინგის სისტემა წყნეთი-ახალდაბის ტერიტორიაზე გამოვლენილ გეოლოგიურ და ჰიდრომეტეოროლოგიურ საფრთხეებზე რეაგირებისთვისაა გათვლილი.

დოკუმენტაციაში ასევე ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ზონა მნიშვნელოვნად დაზარალდა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი კატასტროფული მეწყერისა და ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად.

„პროექტით გათვალისწინებული ზონა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ თბილისის წყნეთი-ახალდაბის დერეფანში, რომელიც მნიშვნელოვნად დაზარალდა 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი კატასტროფული მეწყერისა და ძლიერი წყალმოვარდნის შედეგად. ძლიერმა ნალექებმა გამოიწვია ფერდის ჩამოშლა, ღვარცოფები და მდინარე ვერეზე წყალდიდობა, რამაც ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა, გაანადგურა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და განაპირობა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზარალი.

2018 წელს სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით განხორციელდა 2015 წლის ივნისის თვეში დაფიქსირებული მეწყერის შედეგად დაზიანებული გზების რეაბილიტაციის პროექტი. პროექტის ფარგლებში მოხდა მეწყერული უბნის დეტალური შესწავლა და განხორციელდა მონიტორინგის, უსაფრთხოებისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების პროექტირება-იმპლემენტაციაც. რეაბილიტირებული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთიახალდაბის გზების მონაკვეთებზე არსებული მეწყერული უბნების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდა გეოტექნიკური მონიტორინგის ინსტრუმენტები და მოხდა ტერიტორიის მონაცემთა რეგისტრაციის სისტემებით აღჭურვა.

ეს ტერიტორია დედაქალაქში პოტენციურად ერთ-ერთ ყველაზე საფრთხისშემცველ ზონად რჩება, მომდევნო წლებშიც დაფიქსირდა ფერდობების არამდგრადობის, ღვარცოფების განმეორებითი მოვლენები. საინჟინროგეოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ კოჯრისა და ახალდაბას ფორმაციების ფერდობები შედგება ქვიშაქვის, მერგელის, ალევრიტისა და არგილიტის ურთიერთმონაცვლეობისგან, რომლებიც ქმნიან მეწყრებისადმი მიდრეკილ ციცაბო, სტრუქტურულად დასუსტებულ ფერდობებს.

ჰიდროლოგიური და კლიმატური შეფასებები დამატებით ხაზს უსვამს ინტენსიური ნალექების როლს, როგორც მასის მოძრაობისა და ძლიერი წყალმოვარდნის პროცესების მთავარ გამომწვევ ფაქტორს. გეოლოგიური გარემოსა და ჰიდრომეტეოროლოგიური ფაქტორების ეს კომბინაცია ხაზს უსვამს როგორც მდგრადობის, ასევე წყალშემკრების მასშტაბის ჰიდროლოგიური დინამიკის უწყვეტი და საიმედო მონიტორინგის გადაუდებელ აუცილებლობას“, - ნათქვამია ტექნიკურ დოკუმენტაციაში.

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია და მისი რეალიზება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, 2026-2030 წლებში, შემდეგი პროპორციით განხორციელდება:

  • 2026 წელი - 20%;
  • 2027 წელი - 35%;
  • 2028 წელი - 15%;
  • 2029 წელი - 15%;
  • 2030 წელი - 15%.

შეგახსენებთ, 2015 წლის 13 ივნისს სტიქიამ საქართველოს დედაქალაქში 22 ადამიანი შეიწირა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა