თეგებით ძიება
22. 06. 2026 სახლი

საიზოლაციო მასალა - როგორ შევარჩიოთ ენერგოეფექტური მასალები მაქსიმალური შედეგისთვის?

თანამედროვე მშენებლობაში შენობის ენერგოეფექტურობა უკვე აღარ არის მხოლოდ პრივილეგია - ეს არის აუცილებლობა, რასაც საქართველოს კანონმდებლობაც (მთავრობის #354 დადგენილება) ავალდებულებს ახალ პროექტებს. ენერგიის დაზოგვისა და კომუნალური ხარჯების ოპტიმიზაციისთვის გადამწყვეტ როლს სწორი საიზოლაციო მასალების შერჩევა ასრულებს. ამ სტატიაში განვიხილავთ ბაზარზე არსებულ ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებებს, ქვაბამბიდან პოლიურეთანის ქაფამდე - და შევადარებთ მათ მახასიათებლებს, რათა დაგეხმაროთ არჩევანის გაკეთებაში.

ქვაბამბა

ქვაბამბა ვულკანური ქანებისა და სხვადასხვა მინერალისგან მზადდება, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე იწრთობა და შედეგად ბოჭკოვანი სტრუქტურა წარმოიქმნება. ქვაბამბას უმეტესად გაბრო-ბაზალტის ჯგუფის ქვებისგან იღებენ, რომელთაც მაღალ ტემპერატურაზე ადნობენ, წარმოქმნილ ბოჭკოებს კი ერთმანეთთან სპეციალური სინთეტიკური ნივთიერებებით აკავშირებენ და საჭირო კონსისტენციისა თუ ფორმის ბამბას ამზადებენ. მას საბოლოოდ პოლიმერიზაციას უტარებენ, თერმოგამძლე ფირით ფუთავენ, სპეციალურ სისქეზე პრესავენ და სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვაბამბას იღებენ, რომელიც ხმისა და სითბოს მაღალი საიზოლაციო თვისებებით გამოირჩევა.

ქვაბამბის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ხანძრის მიმართ მდგრადობაა. ის კარგად უძლებს მაღალ ტემპერატურას (დაახლოებით 1000°C), რის გამოც, დიდი მასშტაბის ხანძრის დროსაც კი არ იწვის. ამასთან, იცავს შიდა კონსტრუქციას და ცეცხლის ალს აკავებს, რაც უსაფრთხოების სტანდარტებს ზრდის.

ქვაბამბა ტენის მიმართ მდგრადია და მისი წყალგაუმტარი თვისებების გამო ფასადს ნესტისა თუ ობის გაჩენისგან იცავს. ასევე, ქვაბამბა ორთქლგამტარი მასალაა და ზედაპირზე კონდენსატის წარმოქმნას უშლის ხელს. ის მედეგია ქიმიური ნივთიერებების მიმართაც, ამიტომ ლითონთან შეხების შემთხვევაში კოროზია არ ჩნდება. ქვაბამბა გამოიყენება საცხოვრებელი და სამრეწველო შენობების მოპირკეთებისას, როგორც კედლებზე, ისე სახურავზე.

მინერალური ბამბა

მინერალური ბამბა ბოჭკოვანი სტრუქტურის მქონე მასალაა, რომელიც ბუნებრივი ან სინთეტიკური მინარევებისა და მეტალის ოქსიდისაგან მზადდება. ის ნესტისგან დამცავი ტექნოლოგიით არის დამუშავებული და მაღალი დრეკადობით ხასიათდება. მისი უპირატესობაა დაბალი თბოგამტარობა, ტენის მიმართ მდგრადობა და მონტაჟის სიმარტივე. მისი თვისებები თითქმის ქვაბამბის მსგავსია, თუმცა მასთან შედარებით დაბალი საიზოლაციო ხარისხით და ფასით გამოირჩევა, ამიტომ შედარებით ეკონომიური მოდელია.

პოლიურეთანის ქაფი

პოლიურეთანის ქაფი პოლიმერის სტრუქტურის მქონე მასალაა, რომელიც ელასტიკურობის და დაბალი თბოგამტარობის მქონეა და ხმისა და სითბოს იზოლაციისთვის გამოიყენება. ის ძირითადად შიდა ზონებისთვის - კედლების, სახურავისა და ტიხრებისთვის არის გათვალისწინებული, გარე გამოყენების შემთხვევაში კი დამატებით სპეციალურ ფენას საჭიროებს, რადგან პოლიურეთანის ქაფით მოპირკეთებული ზედაპირი გალესვას არ ექვემდებარება.

პოლიურეთანის ქაფი მაღალი თერმოსაიზოლაციო თვისებებით ხასიათდება, განსაკუთრებით თხელ ფენებში, რადგან ქაფის გაფართოების შედეგად მასალა ზედაპირზე არსებულ ხვრელებს და ნაპრალებს სრულიად ავსებს და ჰერმეტულ ბარიერს ქმნის. დაბალ თბოგამტარიანობასთან ერთად, პოლიურეთანის ქაფი კარგი ჰიდროიზოლაციითაც გამოირჩევა და სივრცეს ნესტისა და წყლის შეღწევისგან იცავს. ის მედეგი და მყარი მასალაა, რომელიც სიმტკიცეს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს, ხოლო მისი საშუალო საექსპლუატაციო ვადა 60-70 წელია.

პენოპოლისტიროლი (EPS)

კიდევ ერთი საიზოლაციო მასალა პენოპოლისტიროლი (EPS) 98% ჰაერისა და 2% პოლისტიროლისაგან შედგება. ის პოლისტიროლის აქაფებისა და ქიმიური რეაქციის წარმოქმნის შედეგად მიიღება, რომელიც პოლისტიროლის გაფართოებას იწვევს. გაფართოებული მასა სპეციალურ ფორმებში თავსდება, გრილდება და სხვადასხვა ზომის ფილად იჭრება. მისი მთავარი უპირატესობა სიმსუბუქეა, რაც მარტივად დასამონტაჟებელს ხდის, თუმცა დაბალი სიმკვრივით გამოირჩევა და, შესაბამისად, ნაკლებად მდგრადია. მისი თბოსაიზოლაციო თვისებების ეფექტურობა, სხვა სისტემებთან შედარებით, დაბალია და ძირითადად შენობების ფუნდამენტებში, გზებსა და გარე კედლებზე გამოიყენება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა