Lada-ს მწარმოებელი ჩერდება, მიზეზი ელექტროკომპონენტების დეფიციტია
რუსეთის ბაზარზე ავტომობილების ექსპორტი და მათ შორის იქ არსებული წარმოებები მსხვილმა ავტომწარმოებელმა ბრენდებმა შეაჩერეს. მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების გამო, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციებია.
რუსული გამოცემა TASS-ი წერს, რომ რუსული კომპანია „ავტოვაზი“ 5 მარტსა და 9-11 მარტს ტოლიატისა და იჟევსკში ავტომობილების აწყობას შეაჩერებს. მიზეზი ელექტროკომპონენტების დეფიციტია. ამ ინფორმაციას გამოცემა კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ავტომწარმოებლები აღნიშნავენ, რომ დასაქმებულებს სამუშაოების შეჩერების დღეებში სახელფასო ანაზღაურება სრულად ან ნაწილობრივად შეუნარჩუნდებათ.
„ელექტროკომპონენტების მოწოდებაში არსებული კრიზისის გამო, თანამშრომელთა შემოსავლების შემცირების თავიდან აცილების მიზნით, „ავტოვაზის“ ადმინისტრაციამ ტოლიატსა და იჟევსკში სამუშაოების განხორციელების შემდეგი გრაფიკი შეიმუშავა: 2022 წლის 5 მარტი - სახელფასო ანაზღაურების შენარჩუნებით დასვენების დღედ ცხადდება. 9-11 მარტის პერიოდში კი დასვენების დღეები - ხელფასის საშუალო თვიური ანაზღაურების ორი მესამედის გაცემით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, თანამშრომლებს 9-11 მარტის დღეებში შეუძლიათ სრული ანაზღაურების პირობით შვებულების დღეებით ისარგებლონ.
კომპანიაში ასევე აზუსტებენ, რომ ცვლილებები საწარმოს ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ სამსახურებსა და ასევე ახალ პროექტებზე მომუშავე საინჟინრო სამსახურის განყოფილებებს არ შეეხებათ. „ავტოვაზის“ განყოფილებები და შვილობილი კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან სათადარიგო ნაწილების წარმოებითა და დისტრიბუციით, მომხმარებლის მომსახურებით, ასევე ამ პერიოდის განმავლობაში ჩვეული გრაფიკის მიხედვით იმუშავებენ.
„კომპანია ყველა ღონეს ხმარობს, წარმოება ტოლიატისა და იჟევსკში მდებარე ქარხნებში წარმოება რაც შეიძლება მალე განაახლოს“, - აცხადებენ კომპანიაში.
„ავტოვაზის“სრული ციკლის მანქანებს და კომპონენტებს ორი ბრენდისთვის - Lada-სა და Renault-თვის აწარმოებს. აღსანიშნია, რომ 2021 წელს „ავტოვაზმა“ რუსეთის ბაზარზე მანქანების გაყიდვები 2%-ით 350,7 ათას ერთეულამდე გაზარდა. ამავდროულად, Lada-ს წილი მსუბუქი და მსუბუქი კომერციული მანქანების სეგმენტში 2020 წელს იყო 21,5%, 2021 წელს კი 20,9%-მდე შემცირდა.
წყარო