„კრისტალმა“ Triodos Investment Management-ისგან 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ გლობალური ინვესტიციების მოზიდვას აგრძელებს. ამჯერად კომპანიამ 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა ახალი ფინანსური პარტნიორისგან, Triodos Investment Management-ისგან მიიღო. შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.
აღნიშნულ რესურსს „კრისტალი“ Triodos Investment Management-ის მიერ მართული ფონდებისგან — Triodos Microfinance Fund-ისა და Triodos Fair Share Fund-ისგან მიიღებს, რომელსაც კომპანია საქართველოში მიკრო და მცირე საწარმოების მხარდაჭერაზე, ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებასა და საკრედიტო პორტფელის გაზრდაზე დახარჯავს.
აღსანიშნავია, რომ მაკროეკონომიკური გაურკვევლობისა და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ინვესტიცია კრისტალის მიერ ლიკვიდურობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამასთან, თანამშრომლობა ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მზადყოფნას, რეგიონში არსებული სირთულეების ფონზეც კი, მხარი დაუჭირონ და მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებაში.
„მოხარულები ვართ, Triodos Investment Management-თან პირველი, გრძელვადიანი და პერსპექტიული პარტნიორობის დაწყების შესახებ განვაცხადოთ. ეს თანამშრომლობა „კრისტალისთვის“ არასტაბილურ პერიოდში მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს და ქვეყანაში ფინანსური სერვისების განვითარებას უწყობს ხელს. ახალი ინვესტიციის დახმარებით, მომხმარებლების მხარდაჭერასა და ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობას გავაგრძელებთ“, - აცხადებს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
Triodos Investment Management-ის ფონდის მენეჯერი ტიმ კრიინსი კი აღნიშნავს, რომ განხორციელებული ინვესტიცია ახალ თანამშრომლობას უყრის საფუძველს და „კრისტალის“ მიმართ ფონდის ნდობას უსვამს ხაზს. „განსაკუთრებით ამ რთულ და არასტაბილურ პერიოდში ჩვენი საერთო ვალდებულებაა, საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის დაფინანსების საჭიროებებს ვუპასუხოთ და მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკა ერთად ავაშენოთ“, - დასძენს ტიმ კრიინსი.
Triodos Investment Management (Triodos IM) წამყვანი ექსპერტული ბანკის, Triodos Bank-ის შვილობილი კომპანიაა. იგი ინვესტიციებს მწვანე, ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის ხელშეწყობისთვის ახორციელებს და 25 წელზე მეტია, სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ენერგეტიკასა და კლიმატს, ფინანსურ ინკლუზიურობასა და სოფლის მეურნეობის მდგრადობას, ასევე იმ კომპანიებს აფინანსებს, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი გადაწყვეტილებების დანერგვას. 2021 წლის ივნისის მონაცემებით, ფონდის აქტივების მოცულობა 6.1 მილიარდ ევროს შეადგენს.