„კრისტალი“ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად
დღეს უკრაინაში საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარებით კიდევ ერთი თვითმფრინავი გაფრინდა.
ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ხარჯების ნაწილი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალმა“ დააფინანსა. საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, კომპანიამ დახმარების გასაგზავნად, 50 000 ლარი გადარიცხა.
უკრაინაში სულ 40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება — მედიკამენტები, სამედიცინო აღჭურვილობა, ჰიგიენის საშუალებები, პროდუქტები, ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები გაიგზავნა, რომელთა დროული მიღებაც ახლა უკრაინელ ხალხს ძალიან სჭირდება.
კრისტალი“ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში ომის დაწყების პირველი დღეებიდან ჩაერთო. კომპანიის მიერ გამოყოფილი დახმარება სულ 100 000 ლარს შეადგენს. ეს თანხა სხვადასხვა მიმართულებით დაიხარჯება და სრულად ჰუმანიტარულ მიზნებს მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაში კრისტალელებიც მონაწილეობენ. კომპანიაში შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელიც არა მარტო თანხის შეგროვებაში, არამედ საქართველოში დარჩენილი უკრაინელების დახმარებაშიც აქტიურადაა ჩართული.
ასევე, შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქეები „კრისტალში“ ფულადი გზავნილებით სარგებლობა საკომისიოს გარეშე შეუძლიათ. სერვისით სარგებლობისთვის მათ მხოლოდ უკრაინის მოქალაქის დამადასტურებელი პასპორტის წარდგენა სჭირდებათ.