"კრისტალსა" და გერმანულ ფონდ "შპარკასეს" შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალისა“ და გერმანულ შპარკასენშტიფტუნგს (DSIK) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ხორციელდება პროექტის „ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდა მცირე და მიკრო მეწარმეთა მდგრადი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს მდგრადი და პასუხისმგებლიანი ფინანსური სერვისების მიწოდებას ,,კრისტალის“ მცირე და მიკრო მეწარმე კლიენტებისათვის.
თანამშრომლობის ფარგლებში ფონდი შპარკასე ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს ,,კრისტალს“ და დაეხმარება მას ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და პერსონალის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
პროექტი ძირითადად მოიცავს რისკების მართვის მიმართულებასა და გარემოსდაცვითი, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებს, ESG რისკების შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და ESG ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტებთან და საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობის პროცესს. ამ თემებზე სამუშაოდ ,,კრისტალში“ მოწვეულნი იქნებიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივით ექსპერტები.
კრისტალის შესახებ: კრისტალი საქართველოს წამყვანი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც 363 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორტფელს მართავს, დასაქმებული ჰყავს 1,000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 49 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 120,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. კრისტალი, როგორც ეკონომიკური განვითარების პლატფორმა, მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ფერმერებს მათზე მორგებულ ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს. იგი პირველი არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციაა რეგიონში, რომელმაც გლობალური სარეიტინგო სააგენტოს, FitchRatings-ის შეფასება მოიპოვა. 2018 წლის დეკემბერში „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა და „მელიორა 2018“-ის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.
შპარკასეს შესახებ: გერმანული შპარკანსენშთიფთუნგის სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის წარმომადგენლობა (DSIK), გერმანიის ეკონომიკური კოოპერაციისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით 2021 წლიდან ახორციელებს პროექტს „რეგიონებში ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდა მცირე და მიკრო მეწარმეთა მდგრადი განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში“. DSIK-ის მიზანია რეგიონებში არსებული მეწარმეებისა და ფერმერების ფინანსებთან ხელმისაწვდომობის ზრდა, სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება და რისკების შესახებ ცნობადობის ამაღლება.