დღეს, საქართველოში, 223 ბიზნესი დარეგისტრირდა რუსეთის მოქალაქეზე
15 მარტს, საჯარო რეესტში 448 ბიზნესი დარეგისტრირდა და მათგან 223 რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნოდა. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლე ეწირება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში შემოდინების სიხშირე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში შემოსულია, სულ მცირე, რუსეთის 25 ათასი მოქალაქე. მომატებულია მათ მიერ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა და რაც კიდევ საყურადღებოა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავიანთ კომპანიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებენ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღმდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს. რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და მცოცავი ოკუპაციით ყოველდღიურად იტაცებს საქართველოს ახალ ტერიტორიებს.