თეგებით ძიება

შსს-მ ტურისტების მოტყუების ფაქტი გამოავლინა - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა.

შსს-ს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები – 13 პირი დააკავეს.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია.

პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა: სომხეთის მოქალაქეები – სომხეთის მოქალაქეები – 1997 წელს დაბადებული ა. ა., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ., ასევე, საქართველოს მოქალაქეები – 1998 წელს დაბადებული ნ. გ., 1982 წელს დაბადებული ხ. ბ., 2001 წელს დაბადებული ლ. წ., 1995 წელს დაბადებული თ. შ., 1991 წელს დაბადებული ვ. კ., 1996 წელს დაბადებული მ. გ., 1999 წელს დაბადებული ე. მ., 1987 წელს დაბადებული ნ. თ., 1999 წელს დაბადებული ნ. დ., 1999 წელს დაბადებული ნ. ხ.
მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში – „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან – ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან – ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.

სამართალდამცველებმა, კლუბი „როიალის“ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები – 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი.

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა