წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი გელა აბულაძე დააკავა.
ამის შესახებ პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. ცდილობს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი - პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი - გელა აბულაძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ წამოიწყო გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რაც ვერ შეძლეს და რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ გვისაუბრია.
„ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და ცდილობს პოლიტიკური მოცემულობის და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით, მუნიციპალიტეტების საბოტაჟით და ა.შ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ჩვენი სიით გასული საკრებულოს ერთ-ერთი წევრი არჩევნებიდან მალევე მოისყიდეს და გადაიბირეს.
იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული და დანაშაულებრივი ომის პირობებში, ოკუპირებული ქვეყანა, უსაფრთხოების კონტექსტში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, “ოცნება” იცლის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად და მოქალაქეთა მიერ 2021 წელს დაფიქსირებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შესაცვლელად, რაც ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს ნამდვილად არ უწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებას დღემდე არ გამოუძიებია მამის საფლავზე მისულ, სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის ლიდერზე - მალხაზ თორიასა და მის არასრულწოვან შვილზე ფიზიკური თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის ფაქტი”, - წერს სიჭინავა.