„კრისტალი“ საბანკო ტრანსფორმაციის პროცესს FMO-ს მხარდაჭერით აგრძელებს
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ საბანკო ტრანსფორმაციის სტრატეგიულ პროექტზე მუშაობას განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ამიერიდან ამ პროცესში კომპანია ჰოლანდიური მეწარმეობის განვითარების ბანკის — FMO-ს ორწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამით ისარგებლებს. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა.
ხელშეკრულების თანახმად, „კრისტალის“ საბანკო ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად, FMO 200 000 ევროს გამოყოფს. ეს თანხა კომპანიის შესაძლებლობების გაფართოებასა და განვითარებას მოხმარდება.
„კრისტალმა“ საბანკო ტრანსფორმაციისთვის მზადება გასული წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. პროცესი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობას მოიცავს. მათ შორისაა: ორგანიზაციული სტრუქტურისა და ბიზნესპროცესების დახვეწა, პერსონალის უნარების, ტექნოლოგიისა და რისკების მართვის ხარისხობრივი გაუმჯობესება და ა.შ. თითოეული მათგანი მკაცრ საბანკო მოთხოვნებსა და სტანდარტებთან შესაბამისი უნდა იყოს.
“საბანკო ტრანსფორმაციისთვის ყველა მიმართულებით ინტენსიურად ვემზადებით. გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და რეკორდულად სწრაფ დროში სრულად ჩავანაცვლეთ ძირითადი საოპერაციო სისტემა. ტრანსფორმაციის პროცესში აქტიურ მხარდაჭერას გვიწევენ „კრისტალის“ პარტნიორი წამყვანი ევროპული ფინანსური ინსტიტუტები. მოხარულები ვართ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ავტორიტეტული და გლობალური ფინანსური ინსტიტუტი - ჰოლანდიური მეწარმეობის განვითარების ბანკი (FMO), აგრეთვე ჩვენი მხარდამჭერი იქნება“, - აღნიშნავს „კრისტალის“ უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.
„კრისტალმა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა საბანკო ტრანსფორმაციის მიმართულებით, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს კომპანიის ინოვაციურ მიდგომებს. მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს კრისტალს, როგორც ჩვენს პარტნიორს ამ მეტად მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში, რომლის საშუალებითაც ის კიდევ უფრო განიმტკიცებს პოზიციას როგორც ლიდერი ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია, “ - აცხადებს FMO-ს შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ენდრიუ შო.
„კრისტალსა“ და FMO-ს ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებთ. ჰოლანდიის განვითარების ბანკის საკრედიტო რესურსები კომპანიას ეხმარება, გაზარდოს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება და ინოვაციურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხელი შეუწყოს როგორც მათი საქმიანობების, ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ახალი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტის ნდობას „კრისტალის“ მიმართ და მის ურყევ ნებას, ჩვენი რეგიონისთვის ამ რთულ პირობებშიც მხარი დაუჭიროს კომპანიის განვითარებასა და საქართველოს ეკონომიკას.
FMO მეწარმეობის ჰოლანდიური განვითარების ბანკია, რომელიც ამბიციურ პროექტებსა და მეწარმეობაში ინვესტირებით მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში კერძო სექტორის მდგრად განვითარებას, მოსახლეობის გაძლიერებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს.