თეგებით ძიება

"ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული პოლიტიკის და ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიაში.

"განსაკუთრებით მივესალმები აქ შეკრებილ ძლიერ ქალებს, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენს გუნდს და ქვეყანას. აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული განვითარების პროცესებში.

ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენაა თანამედროვე ქართული პოლიტიკის, ჩვენი პარტიისა და ქართულ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ისტორიაში.

დღეს ფუძნდება "ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია, რასაც წინ უძღოდა დიდი სამუშაოები და ნაყოფიერი შეხვედრები რეგიონებსა და თბილისში, ჩვენი გუნდის წევრ ქალებთან ერთად.

საქართველოს პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას დიდი ისტორია აქვს.
შორეულ წარსულს, თამარ მეფესა და რუსუდანს რომ არ გადავწვდე, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოსა და ევროპაში, რომლის 1921 წლის კონსტიტუცია ქალთა და მამაკაცთა საარჩევნო და არა მარტო საარჩევნო, ყველანაირ თანასწორობას უზრუნველყოფდა.

სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დაკარგვიდან დღემდე, ქმედითი და არსებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით აღარ გადადგმულა, თუმცა, "ქართული ოცნება" არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების მიმართულებით და შესაძლებელი გახადა, მეტი ქალი ჩართულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში.

ევროკავშირის წევრობა მხოლოდ ეკონომიკურ თუ საკანონმდებლო თავსებადობას არ გულისხმობს, ეს ნიშნავს პროგრესულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურასა და ქალთა სათანადო ჩართულობას პოლიტიკაში.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს ორმაგი ძალისხმევის გაწევა უწევთ. დღემდე ყველაზე განვითარებულ დემოკრატიებშიც კი, იშვიათობაა აუნაზღაურებელი, უხილავი საშინაო შრომის ხილვადობის გაზრდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრგან არსებობს ანაზღაურების კუთხით არსებული დისბალანსი ქალებსა და მამაკაცებს შორის, არაერთი სხვა უთანასწორობა.

ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, თუკი თავად ქალები არ იქნებიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე.

დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია ღირსეულად და წარმატებით იმუშავებს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რაც ჩვენს ქვეყანაში დგას ქალების წინაშე," - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა