"ჩვენმა მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი დოლარი" - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობამ უკრაინელი ხალხის, მათ შორის საქართველოში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი აშშ დოლარი.
"ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელის დახმარებას. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და ამისთვის წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით, 7 მილიონი აშშ დოლარზე მეტი გამოიყოფა. დღეის მდგომარეობით, საქართველომ უკრაინაში გაგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტის ინფორმაციით, საქართველო, მეგობრებო, 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით; უკრაინელი მეგობრების, მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია რამდენიმე ცხელი ხაზი. უკრაინის მოქალაქეებს უზრუნველვყოფთ საცხოვრებლით, საკვებით, ტანსაცმლით, ყველა საჭიროებით, რაც მათ საქართველოში სჭირდებათ. ასევე, შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი ჩამოყალიბდა. ასეთივე სკოლა ბათუმშიც გაიხსნა და ჯამში უკვე 900-ზე მეტი მოსწავლე არის ჩარიცხული“, - განაცხადა პრემიერმა.
"მთავრობის გარდა, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად მობილიზებულია კერძო სექტორი, ჩვენი მოქალაქეები და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო ასეთი უპრეცედენტო სოლიდარობისთვის“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.