"მდგომარეობა დღეს უფრო უარესია, ვიდრე 2 თვის წინ" - მიხეილ სააკაშვილის ექიმი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
"პროცესი რეგრესირებს, უარესდება. ჩემი აზრით, მისი მდგომარეობა დღეს უფრო უარესია, ვიდრე 2 თვის წინ იყო. მე ახლა ველი, რომ ექსპერტიზა შევა, რაც შეიძლება ჩქარა. იმდენად კომპლექსურია ეს ავადმყოფი, რომ ჩვენ პირობებში მისი მკურნალობა შეუძლებელია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცენტრ ემპათიის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა და ბრეგაძე არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.
როგორც ჯიშკარიანმა აღნიშნა, ემპათიის რეკომენდაციები, რომელიც ჯერ კიდევ დეკემბერში გაიცა, პენიტენციურ დაწესებულებას არ გაუთვალისწინებია. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ.
"იუსტიციის მინისტრი საერთოდ არ უნდა საუბრობდეს არანაირ დიაგნოზებზე. მას ხელში უნდა ჰქონდეს გარკვეული ექსპერტიზის დასკვნა და ამის შემდეგ შესაძლებელია გაახმოვანოს, ესა თუ სი შეხედულება. შესაბამისად, ეს მისი მხრიდან არის უმეცრება და არაპროფესიონალიზმი", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.