თეგებით ძიება

არ მგონია, სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებენ „სირცხვილია“, „ნაცმოძრაობა“, პრეზიდენტი - სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ეს გრძელდება ბოლო 39 წლის განმავლობაში ყველა გამოკითხვის შედეგად.

„ამას არ სჭირდება ახალი დადასტურება აქციებით. როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, არა მგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებს „სირცხვილია“ „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილი და რა თქმა უნდა შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგით გამოჩნდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მას აქვს არასწორი ინფორმაცია ან არასწორად აკეთებს ანალიზს, არც კი ცდილობს გადაამოწმოს, სად არის სიმართლე და სად არის ჭეშმარიტება.

„უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რომ ჰქონდეს მას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საპარლამენტო გუნდთან, მაშინ მეტადაც იქნებოდა ინფორმირებული და ერთად უკეთ შეგვიძლია, საქართველოს წინსვლისთვის ვიბრძოლოთ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის პოზიტიური ნაბიჯები გადავდგათ. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა ქალბატონი სალომეს მიმართ.

ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია არის მკაფიო და გარკვეული აქციებით ამას დამატებითი დადასტურება არ სჭირდება. როცა აქციას აწყობ, სჭირდება უფრო მეტი დრო, უფრო მეტი რესურსი, რომ შთაბეჭდილება იყოს გარე მაყურებლისთვის ისეთი, როგორიც არის რეალური განწყობა. ხვალინდელი აქცია იქნება თუ ზეგის, ამ შთაბეჭდილებას ვერ შექმნის. ამიტომ არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის გუნდის პოზიცია“, – განაცხადა სუბარმა.

სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს, ხელისუფლებას, პოლიტიკურ წრეებსა და დიპლომატებს 16 ივნისს ევროპის მოედანზე ევროპული კურსის მხარდაჭერისადმი ერთიანობის აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდა


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა