"ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის" - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის.
"იმიტომაა მთავრობა, პარლამენტი და ხალხმა მმართველ პარტიას ნდობა იმიტომ გამოუცხადა, რომ რესურსი, რაციონალურად განვსაჯოთ ყველაფერი, სწორედ აქაა. სალომე ზურაბიშვილი ამ ყველაფრისთვის არაა არჩეული, ის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სიმბოლური პრეზიდენტია. მთელი პოლიტიკური რესურსი თავმოყრილია მმართველ პარტიაში და სწორედ, ამ რესურსით შეგვიძლია მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები, რაციონალური ანალიზის საფუძველზე. ამის რესურსი პრეზიდენტს არ აქვს სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის იმის გამო, რომ კონსტიტუცია მას ამის ბერკეტებს არ ანიჭებს. ეს გამოჩნდა ბრიფინგის ტექსტშიც - რაღაცები არ გააანალიზა თუ ვერ გააანალიზა, ამის სიღრმეში ვერ შევალ. შეიძლება, ვერ გააანალიზა ან არ გააანალიზა, მაგრამ ფაქტია, ანალიზს იყო მოკლებული,
გვაქვს ინფორმაცია, ვინ ითხოვდა მოხალისეების უკრაინაში გაშვებას, რაც საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავდა. ოპოზიცია ამას საჯაროდ აჟღერებდა. ანუ ოპოზიცია საჯაროდ ითხოვდა ხელისუფლებისგან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ნიშნავდა საქართველოს ომში ჩართულობას.
მთავრობის ნებართვით ბორტის გაშვება ნიშნავდა საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვდა ოპოზიცია. ეს პირდაპირი მცდელობა იყო, ჰაერიდან არაფერია მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, ეს ღიმილის მომგვრელია, კიდევ კარგი ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის. 40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია და ასეთ დროს ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის საფრთხე არ არსებობს, რა კრიტიკას უძლებს ეს. ფორმალური მთავარსარდალია, არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით. კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი, ომის პერიოდში პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.