თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში, პირველ რიგში, არის ბატონი არახამია - გიორგი ცაგარეიშვილი
"ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერისა და რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებებს პასუხობს.
"ავრცელებენ სიყალბეს, სიცრუეს თითქმის სამი თვის განმავლობაში. ვერცერთი მოყვანილი ამგვარი მოვლენა, რომელიც საქართველოს უკავშირდება ვერ იყო დამტკიცებული ფაქტებით და მტკიცებულებებით. ახლა, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად ევროკავშირის კარიბჭესთან ვდგავართ და ხვალ უნდა იქნეს მიღებული გადწყვეტილება ჩვენი წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ადამიანი, ტომით ქართველი პირდაპირ სიძულვილით სავსე ბრალდებებს აფრქვევს მტკიცებულებების გარეშე, მტრობს თავის ისტორიულ სამშობლოს და ვფიქრობ, თუ ვინმე აკეთებს რუსულ საქმეს მათ შორის საქართველოში, პირველ რიგში, არის ბატონი არახამია," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცნობისთვის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები გვერდს უვლიან დასავლურ სანქციებს და ამისთვის ქართულ ორგანიზაციებს იყენებენ. მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.