"სერიოზული მეშვიდე ტალღის ნიშნებს ვერ ვხედავთ“ - რას ამბობს ივანე ჩხაიძე?
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ინფიცირების მატება ახალ შტამს უკავშირდება, თუმცა 1 კვირის მონაცემებს საგანგაშოს არ უწოდებს.
"ეს, რა თქმა უნდა, არ არის საგანგაშო მატება. ჯერჯერობით ვერ ვხედავთ სერიოზული მეშვიდე ტალღის ნიშნებს. ამის გათვალისწინება აუცილებელი იყო, რომ ზაფხულის სეზონი იქნებოდა კორონავირუსის შემთხვევების მატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი. ვინაიდან ზაფხული ეს არის - უფრო მეტი მობილობა, უფრო მეტი კონტაქტი და მეტი შესაძლებლობა შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული და არ გადაუტანიათ კორონავირუსი. ამ ფონზე კორონავირუსის „ომიკრონის“ მუტაციის გავრცელების რისკი მატულობს“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
როგორც იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, კოვიდგადატანილ ისე აცრილ პირებს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი მაქსიმუმ 6 თვის მანძილზე აქვთ და ამიტომ დამატებითი დოზების გაკეთება ამ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
"ყველა ის ადამიანი, რომელმაც წლის დასაწყისში გადაიტანა „ომიკრონი“ მათი უნარი წინააღმდეგობის გაწევის უკვე 6 თვის შემდეგ გაცილებით დაბალია, ვიდრე იყო კორონავირუსის გადატანიდან პირველი, მეორე, მესამე, თვის განმავლობაში. მცირდება ვაქცინით მიღებული იმუნიტეტი. ივლისის და აგვისტოს განმავლობაში საქართველოში, ადამიანების იმ აბსოლუტურ რაოდენობას, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი, მინიმალური დაცვა ექნებათ რეინფიცირების წინააღმდეგ, იმ ადამიანებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია 2 დოზა ან 2 პლუს ერთი ბუსტერი სახით მათთვისაც უკვე იმუნიტეტი აღარ იქნება ისეთი ქმედითი, როგორიც იყო მარტისა და აპრილის განმავლობაში“, - დასძენს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.