არსებობს რეალური მოლოდინი, რომ შემოდგომაზე საქართველოში კორონავირუსის "ცუნამის" მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ არსებობს რეალური მოლოდინი, შემოდგომაზე საქართველოში კორონავირუსის „ცუნამის“ მსგავსი ახალი ტალღა დაფიქსირდეს.
"შემოდგომაზე პიკის მოლოდინი რეალურად არსებობს. კონკრეტული თვეც არის დასახელებული - ოქტომბერი. ტერმინიც არის გამოყენებული, რომელიც ამ მოლოდინის სიმძაფრეს ასახავს, რომ შემოდგომაზე მოგველის კორონავირუსის ახალი ტალღა, „ცუნამის“ მსგავსი. ეს ხატოვანი გამოთქმაა, მაგრამ რეალურ მოლოდინს ასახავს.
ჩვენ ველოდებით, რომ შემოდგომაზე შემთხვევების მატება იქნება. რამდენად სერიოზული, თქმა რთულია, მაგრამ ბევრი ფაქტია, რომელიც ამ პროგნოზის საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში, „ომიკრონის“ ახალი მუტაციები მეოთხე და მეხუთე, რომლებიც გაცილებით უფრო მეტად არის გადამდები და მათ წინააღმდეგ დაცვითი ძალა ადრე გადატანილ კორონავირუსს არ აქვს“, - განაცხადა ჩხაიძემ.