თეგებით ძიება

საქმე არა მუშაობის რაოდენობაში, არამედ მის ხარისხსა და ეფექტურობაშია. ანუ, არა „რამდენი?“, არამედ „როგორ?“ - გიორგი თვალაძე

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი შრომა ხარისხიანი და ეფექტური იყოს? - თავის მოსაზრებას ამის შესახებ ბიზნეს ტრენერი, „ინტელექტიკას“ დამფუძნებელი გიორგი თვალაძე გვიზიარებს.

„ხარისხიანი და ეფექტური შრომის შესახებ

საქმე არა მუშაობის რაოდენობაში, არამედ მის ხარისხსა და ეფექტურობაშია. ანუ, არა „რამდენი?“, არამედ „როგორ?“

დიახ, ჩვენი შედეგების ხარისხი არ არის დაკავშირებული სამუშაოს მოცულობასთან, ხოლო მუშაობის პირობები და დამოკიდებულება - რესურსები და რესურსულობა - ძალიან ძლიერ გავლენას ახდენენ მის ეფექტურობაზე.

მოდი ძალიან მნიშვნელოვან ტერმინებს მივცეთ უცბად განმარტება, თორემ ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას სრული აჯაფსანდალი აქვთ თავში მათთან მიმართებაში.

*ხარისხი: მოთხოვნებისა და მახასიათებლების შესაბამისობის დონე.

*ეფექტურობა: მინიმალური ძალისხმევით [რესურსებით] მაქსიმალური ეფექტის [უკუგების] მიღება.

ჩვენ შეიძლება ვიყოთ უმაღლესი სორტის ნაყოფიერი "ხე", მაგრამ დავმარხოთ საკუთარი თავი უნაყოფო ნიადაგში. არადა, დამარხვის ნაცვლად შეგვეძლო დაგვერგო და ფესვების გაჯანსაღებაზე გვეზრუნა, რაც როგორც ფაქტი, ხარისხიან ხეს და ნაყოფს მოგვცემდა.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია შევქმნათ კეთილგანწყობილი გარემო. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ ეს გარემო უნდა იყოს თვით-დეტერმინიზმზე დაყრდნობით შექმნილი, იქეთ-აქეთ - ავტორიტეტებზე ყურების გარეშე.

ქვევით მოვიყვან სამ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებიც პირადად მე ძალიან დამეხმარნენ და რომლებსაც ხშირად აიგნორებენ საქმიანობის კეთებით გადაწვის მოყვარული ადამიანები.

გაფრთხილება: ნუ აღმიქვამ მე როგორც ავტორიტეტს, ეს გაგიმრუდებს რეალობას და თავად შეგაყვანინებს საკუთარ თავს გარე-დეტერმინიზმის მორევში. აღმიქვი, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი - "სპეციალისტი" - რომელსაც ქაოსისა და სრული განუსაზღვრელობის უმაღლეს დონეზე სტრუქტურირება და სისტემატიზება შეუძლია.

მადლიერი ვარ! ახლა კი დაიჭირე სამი საკვანძო ფაქტორი [ნატიფი ნიუანსი], ხარისხიანი და ეფექტური შრომის დასაორგანიზებლად.

ფაქტორი #1: ვიბრაცია

არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მაღალი ვიბრაციის, ანუ მომატებული ტონუსის რეჟიმში.

ასეთი ადამიანების მაგალითი მოგიყვანო?

კი ბატონო, მაგალითად - მე.

თუ გარშემო ყველაფერი ჩუმადაა, საქმეში კი სიმშვიდეა, მიჩნდება შეგრძნება, რომ უსარგებლო ვარ. ძალიან არ მიყვარს და ვერ ვუძლებ ხანგრძლივ სიმშვიდეს.

მაგრამ, როგორც კი ჩნდება რაღაც მსგავსი სიტუაცია: "აუუ, ვიწვით, მგონი ჯოჯოხეთში ვართ. ვაიმე-ვაიმე, უკვე მთელი გუნდით ვიწვით და მალე ამოვწყდებით" - მორჩა, ეს ნიშნავს, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო.

მოკლედ, მე მჭირდება „დვიჟუხა“, „დრაივი“, „განუსაზღვრელობა“. ვერ ვიტან ხანგრძლივ სიმშვიდეს, სადაც ყველაფერი განპირობებული და შაბლონიზირებულია. არ მიყვარს სივრცეები, სადაც მუდმივად ერთი და იგივე მეორდება.

პირადად მე ასეთი ტიპი ვარ. და ეს ნორმალურია.

ასევე, არიან ადამიანები დაბალი ვიბრაციით [ტონუსით].

მათ სჭირდებათ სანთლები, სასიამოვნო მუსიკა, ზომიერება - საკუთარი ატმოსფერო. მათ სჭირდებათ სიმშვიდე მუშაობაში, სადაც არ ხდება არავითარი „ხიპიში“... ამ შემთხვევაში საქმეც ხარისხიანად და ეფექტურად მიდის. და ესეც ნორმალურია.

როგორც უკვე ვთქვი, მნიშვნელოვანია იცოდე საკუთარი თავი - „როგორი ვარ მე?“, - იღებდე მას და თვით-დეტერმინირებული მზერის პოზიციიდან გეგმავდე და მართავდე ცხოვრებას იმის შესაბამისად, როგორიც ხარ არსობრივად. ამ შემთხვევაში შეძლებ ხარისხის და ეფექტურობის მიღწევას.

ფაქტორი #2: რითმი

კიდევ ერთი, ძალიან ინდივიდუალური ფაქტორი. მაგალითად მე, მუშაობის წყვეტილი რითმი მაქვს.

ერთხელ შევადგინე თვის გრაფიკი: ორშაბათს ერთი ტიპის საქმეები, სამშაბათს - მეორე, ოთხშაბათს კიდევ რაღაც და ასე მთელ კვირაზე.

ძლივს გავუქაჩე ამ გეგმას, შემდეგ კი დიდი ხნის განმავლობაში ვითქვამდი სულს.

შესაბამისად, დავინახე, რომ მე უფრო შემოქმედებითი ტიპის ადამიანი ვარ: ახლა მინდა ვაკეთო ერთი, შემდეგ მეორე, პროცესების თანმიმდევრობა კი, ჩემთვისაც უცნობია ხოლმე. ის როგორღაც თავად ჩნდება - და ეს მუშაობს.

მე მივიღე და შევეგუე ამას. ანუ, წარსულისგან განსხვავებით, აღარ ვახდენ საკუთარი თავის გადატეხვას. შესაბამისად, გაიზარდა ხარისხიც და ეფექტურობაც.

მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებმაც დეტალურად უნდა გეგმონ და იმუშაონ მკაცრად გრაფიკის მიხედვით. კალენდრის თითოეული ცარიელი უჯრა, დაძაბულობას და შფოთს იწვევს მათში.

თუ შენც ასეთი ხარ, არ დაგავიწყდეს დასვენების, მხიარულებისა და საკუთარ თავზე ზრუნვის დაგეგმვა.

ფაქტორი #3: გარემო

არიან ადამიანები, რომლებიც უკეთ მუშაობენ გუნდში, და არიან ადამიანები, რომლებსაც შთააგონებთ მარტო მუშაობა - მაგალითად ფრილანსერები.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს ერთი ნატიფი ნიუანსი საქმიანობაში: „ადამიანები ან გეხმარებიან, ან ხელს გიშლიან“.

სწორედ ამიტომ უნდა იკვლიო ინდივიდუალური სიტუაცია, რომ შექმნა საკუთარი თავისთვის ყველაზე ეფექტური და ხარისხიანი პირობები: იმუშაო მარტო, ან მუდმივად მარტო და კვირაში ერთხელ შეხვდე საჭირო ადამიანებს, ან იმუშაო მუდმივად გუნდში, რათა ხედავდე ნაპერწკლიან თვალებს და იყო ყველაფრის შექმნის ცენტრში.

რეზიუმე

ძალიან მნიშვნელოვანია კარგად ვაცნობიერებდეთ ეპოქას, რომელშიც ვცხოვრობთ. დედამიწა, რომელზეც ვიმყოფებით სტუმრად, „მწვანე ზონის“ [მსოფლიოცენტრული, პოსტსოციალური ფაზა] პარადიგმაში გადავიდა, სადაც წამყვან ფასეულობებს წარმოადგენს: „თავისუფლება“, „ინდივიდუალიზმი“ და „ბუნებრიობა“.

შესაბამისად, ხარისხისა და ეფექტურობის დასადებად, ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდმა გამოაღვიძოს საკუთარი შინაგანი ტერიტორიის სივრცეში, მთვლემარე მდგომარეობაში მყოფი თვით-ცნობიერება და თვით-დეტერმინიზმი, რომლებზე დაყრდნობითაც, საკუთარი თავი ეცოდინება და ემახსოვრება მუდამ. ეს კი საუკეთესოზე-საუკეთესო წინაპირობაა იმისთვის, რომ გახდე უმაღლესი დონის პროფესიონალი და ოსტატი საკუთარ "გულის საქმეში".

ეს პანდემია, ომი და უბედურებებიც მაგიტომ ხდება, რომ ფაქტიურად წმენდითი სამუშაოები მიდის, რადგან ძველი ყოველთვის ეწინააღმდეგება ახლის შემოსვლას. ვისაც უნდა რომ გადარჩეს, უნდა ტრანსფორმირდეს შიგნიდან. აქ „შიგნიდან“ საკვანძო სიტყვაა.

მენეჯმენტიც სწორედ ამ ინდივიდუალურ დონეს ერგება - შეხედე მომავლის კომპანიებს და მიხვდები რის მოტანასაც ვცდილობ შენამდე.

სხვებზე მორგებით, ინდივიდი შედის "3გ"-მდგომარეობაში [გამეორება, გაშეშება, გაქცევა]. ანუ, „გაუხედნავი“ სტრესისგან ის იწვება, იფიტება და იწყებს ერთი და იგივე შეცდომების გამეორებას [გამეორება]... შენიშვნის მიღებაზე შტერდება [გაშეშება], რაც ხელმძღვანელობის მხრიდან კიდევ უფრო სერიოზული საყვედურის მიცემის ან კონფლიქტის პროვოცირების წინაპირობა ხდება... ხოლო კონფლიქტზე [პოტენციურზე, ან რეალურზე], დგება და გარბის [გაქცევა].

ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ არც დამსაქმებელი და არც დასაქმებული [ან, უბრალოდ თვითდასაქმებული], არ იცნობს საკუთარ თავს, ანუ არ ითვალისწინებს იმ სამ ფაქტორს, რომლებიც ამ პოსტში აღვწერე.

შესაბამისად, როდესაც ცდილობ შეცვალო - "გადატეხო" - საკუთარი პროდუქტიულობის სტრატეგია, შენ აღარ შეგიძლია უმაღლესი ხარისხისა და ეფექტურობის წარმოება. ანუ, აღარ შეგიძლია ქმნიდე და მუშაობდე 100 პროცენტით.

ამიტომ, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც არ არის საჭირო შეცვლა, პირიქით, აქ საჭიროა მიღება, რადგან ის, რაზეც ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ, უცვლელი დეტალებია.

შენი ამოცანაა იკვლიო და აღმოაჩინო, როგორ ხარ მოწყობილი ინდივიდუალურად, კონკრეტულად შენ - შენი ფსიქიკა.

ამიტომ, აღმოაჩინე როგორ ხარ მოწყობილი შინაგანი ტერიტორიის სივრცეში და სწორედ ამაზე დაყრდნობით მოახდინე თვით-მენეჯმენტი გარეგანი ტერიტორიის სივრცეში.

ეს ბედნიერებისა და ჰარმონიის წინაპირობაა!

ჩემგან, შეცნობის გზით შენსკენ“, - წერს გიორგი თვალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა