რუსები აფხაზეთში ტურისტულ ჯავშნებს აუქმებენ
აფხაზეთში რუსების მიერ ტურების გაუქმება 15-17 ნოემბერს, ერთი კვირის წინანდელ პერიოდთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა, ხოლო ზოგიერთ ტუროპერატორს საზაფხულო ჯავშნები 95%-მდე გაუუქმდა.
ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
ტურისტული კომპანიების მონაცემებით, რეგიონში არეულობა და პოლიტიკური არასტაბილურობა ტურისტებს აიძულებს, გრძელვადიან გეგმებს გადახედონ.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან გაფორმებული ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომლის მიხედვით, რუსულ კომპანიებს აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი საინვესტიციო პროექტების განხორციელების უფლება ეძლევათ. დე ფაქტო პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა ოპოზიციის პროტესტის გამო საკითხის განხილვა გადაიდო.