ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო - რაზე საუბრობს გიორგი ვაშაძე?
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, პრემიერი-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი არის პირდაპირი დასტური და მტკიცებულება, რომ საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა.
"სხვა ვერაფერი აიძულებდა პრემიერ-მინისტრს ეს წერილი დაეწერა, ისიც არ ვიცი, მან დაწერა, თუ სხვამ დაუწერა, როგორც სხვებს უწერენ ხოლმე. რას უნდა მიანიშნებდეს ეს წერილი - ორი ალტერნატივაა: ერთი, ის ცდილობს დასავლეთის თვალში ივანიშვილს გაემიჯნოს, რომ სანქციები, რომელიც იქნება ივანიშვილთან მიმართებით, არ შეეხოს პერსონალურად მას ან მეორე ვარიანტი - ბიძინა ივანიშვილს ეხვეწება, ცოტა ხანი კიდევ დამტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზეო, რადგან შეიძლება მალე ვიხილოთ ის ამ თანამდებობის გარეშე. სხვა ყველა დეტალი ამ წერილში უინტერესოა. ამ წერილში ივანიშვილის სახელის ხსენებით რეკორდია მოხსნილი, მათ შორის თავად ღარიბაშვილის რეკორდიც", - განაცხადა ვაშაძემ.