ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფარული დაპირისპირებაა? - რას ამბობს ნიკა ჩიტაძე პრემიერის წერილზე
ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფარული დაპირისპირება არსებობდეს. ამის შესახებ მან „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
„მგონია, რომ გარკვეული კონფლიქტიც კი იკვეთება ღარიბაშვილსა და ივანიშვილს შორის, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებამ დაიმსახურა შენიშვნა ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველობა.
თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ ვერ დაიცვეს ბიძინა ივანიშვილი. ამ დროს, პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებდა თავის ერთგულებას იმიტომ, რომ გრძნობს ანგარიშვალდებულებას ივანიშვილის მიმართ, სწორედ მისი ინიციატივით დაიკავა პრეზიდენტის პოსტი.
ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილი ალბათ გაბრაზებულია, რომ დასავლეთის თვალში არ მოხდა მისი ავტორიტეტის შენარჩუნება ქართული მთავრობის მხრიდან. ამიტომაც, შესაძლებელია ფარული დაპირისპირებაც არსებობდეს. ეს ამბავი სააშკარაოზე ვერ გამოვა და ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ერთგულება დაუმტკიცოს ბიძინა ივანიშვილს, რომ სწორედ ის და მისი გუნდი არის ივანიშვილის ერთგული და არა სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.