საჭიროა, სასწრაფოდ ადვოკატი აიყვანოს - თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ადვოკატის აყვანას ურჩევს.
`ალბათ, საჭიროა, მან ადვოკატი სასწრაფოდ აიყვანოს. ინტერვიუში თქვა ის, რაც მას ძალიან შეასუსტებს დავისას. რეალურად, მეორე მხარეს მისცა არგუმენტები და გაამართლა რეალურად, რასაც ჩვენ ვფიქრობდით, რასთანაც საქმე გვქონდა. პრეზიდენტმა გუშინ აღიარა, რომ ის სცილდება თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს და უარს ამბობს ამა თუ იმ ელჩის დანიშვნაზე თუ მას მიაჩნია, რომ ესა თუ ის ელჩი წარუმატებელია. ეს არ არის მისი ფუნქცია, კონსტიტუცია ამას არეგულირებს სხვანაირად. დასანანია, რომ ჩვენ ჯერ არ შეგვხვედრია ისეთი პრეზიდენტი, რომელმაც გაუგო საპარლამენტო მოდელს. ჩვენ ჯერ ვერ ვიყოლიეთ ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც ესმის, რა არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებები ისეთ მოდელში, რომელიც საპარლამენტო მოდელია. რომელი პრეზიდენტიც გვყოლია, ამჟამინდელის ჩათვლით, საპარლამენტო მოდელში ყველას აქვს გარკვეული კომპლექსი. მე ამას კონსტიტუციურ კომპლექსს დავარქმევდი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.