თეგებით ძიება

საქართველოში ხელფასები მოიმატებს

ბოლო პერიოდში მომსახურების სექტორში მომუშავე კომპანიები კადრების დეფიციტს უჩივიან. ამის შესახებ არაერთი სტატის გამოქვეყნდა. დასაქმების სააგენტოებზე განთავსებულია ვაკანსიები, სადაც კომპანიები მუშა ხელს ითხოვენ, თუმცა კადრები არ ჩანს. რა არის ამის მიზეზი? – ამ საკითხზე „ნეტგაზეთს“ ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია ესაუბრა.

"რაც შეეხება სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებას, რაც წარმოქმნის ამ დეფიციტს, სამუშაო ძალის მიწოდების შემცირება განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ სამუშაო ძალა დღეს გლობალურ ეკონომიკაში გახდა რესურსი, რომელიც იყიდება, ქირავდება საერთაშორისო ბაზარზე. ვგულისხმობ იმას, რომ:

საქართველოდანაც შესაძლებელია საზღვარგარეთ მომსახურების გაწევა და გარკვეულ სექტორებში არის მოთხოვნა საზღვარგარეთ;
ფართო შესაძლებლობებია გაზრდილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმების და მიგრაციის მაჩვენებელიც, გადინებაც ძალიან მაღალია", – განაცხადა ცომაიამ.

სხვა რა ფაქტორები განაპირობებს სამუშაო ძალის მიწოდების შემცირებას?

კიდევ ერთი ფაქტორი უკავშირდება სოციალური დაცვის არსებულ სისტემას. დღეს შრომისუნარიანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველთა ბაზებშია, იღებს [სახელმწიფოსგან] შემოსავალს და თუ დაიწყებს სამსახურს, ფაქტობრივად, კარგავს ამ შემოსავალს, ამიტომ მას არ უღირს იმ ხელფასზე, რასაც სთავაზობენ, შესთავაზოს თავისი სამუშაო ძალა.

გარდა ამისა, სახელმწიფო სექტორში დასაქმებულია ძალიან ბევრი ადამიანი და ეს ფაქტორიც ხელის შემშლელია. ადამიანები ძალიან ბევრ უსარგებლო თანამდებობაზე არიან დასაქმებული. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეპოტიზმის ზეიმია.

როგორია ინფლაციისა და რეალური ხელფასების შემცირების გავლენა ამ სექტორზე?

ინფლაცია ძალიან კომპლექსური მოვლენაა. დღეს ინფლაცია მხოლოდ საქართველოში არ არის, გლობალური მოვლენაა ყველა ქვეყანაში. და ეს არის ცუდი მოვლენა იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილი ამ დროს ღარიბდება, ხოლო მცირე ნაწილი მდიდრდება… ფასები როდესაც იზრდება, ბევრი ადამიანის ხელფასი არ იზრდება. შესაბამისად, ინფლაციის დროს კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც წესი, სარგებლობს სახელმწიფო სექტორი, ბიუჯეტში შენატანები ნომინალში იზრდება და, შესაბამისად, ხარჯვაც იზრდება. ამიტომ, ვინც ხარჯვაში მონაწილეობს, ისინი სარგებლობენ.

ასევე, ამით სარგებლობენ ისინი, ვინც არიან საგარეო მოთხოვნის სექტორში და შემოსავალი აქვთ ფაქტობრივად უცხოურ ვალუტაში, მათი უცხოური სავალუტო შემოდინებები იზრდება და იზრდება მათი შემოსავალი, მაგრამ ზოგადად ფასების დონე რომ იზრდება და ბევრის ხელფასი არ იზრდება, რა თქმა უნდა, ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს აღარიბებს. და ეს არის პრობლემა…

გამოდის, რომ სწორედ ამის გათვალისწინებით აღარ უღირს ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას იმ ხელფასზე მუშაობა, რასაც დამსაქმებელი სთავაზობს?

დიახ, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა კლებულობს და აქ მოქმედებს გლობალური კონკურენცია, რომელსაც ადგილობრივმა ბიზნესმა თვალი უნდა გაუსწოროს იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს გარშემო ისტორიები, რომელშიც ადამიანები ან ადგილიდან, ან საზღვარგარეთიდან, ან საზღვარგარეთის სასარგებლოდ მუშაობენ, ან უბრალოდ მიდიან და იქ მუშაობენ.

ამის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ მომსახურების ბაზარზე?

ვფიქრობ, იმ დარგებში, სადაც დღეს სამუშაო ძალის დეფიციტზე წუწუნებენ, ხელფასები მოიმატებს. ბაზრის მექანიზმი უნდა აღსრულდეს. ეს დროის საკითხია. თუ ეს ჯერ არ მომხდარა, მუშაობს „ხისტი ხელფასების თეორია“ და ეს დროებითი ფრიქციაა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა