თეგებით ძიება

არ ვიცი გაუტეხეს თუ მთვრალმა დაწერა, მაგრამ რაც ამ განცხადებაში წერია, პუტინს და მედვედევს სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვს - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნებულ „პოსტთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ჩვენ ვიცით განცხადება გაკეთდა, რომ ჰაკერებმა გაუტეხეს მედვედევს გვერდი – არ ვიცი გაუტეხეს, მთვრალმა დაწერა თუ რაღაც სხვა და შესაძლოა, მართლაც ვინმემ გაუტეხა და დაუწერა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც ამ განცხადებაში კომპაქტურად და კიდევ უფრო მკვეთრად წერია, ყველაფერი ეს, პუტინს, მედვედევსა და მათ პროპაგანდას სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, აღნიშნულში სიახლე არაფერი არ არის და ამ განცხადებაში გინდა ყალბი იყოს და გინდა არა, ყველაფერი შეკრულია.

„რეალურად, ეს არის ის სულისკვეთება, რითაც პუტინის რეჟიმი მოქმედებს და რის გამოც ის ჩვენი ქვეყნის, სხვა მეზობლების და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების თავისუფლებისთვის, სახელმწიფოების არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამაში სიახლე არაფერი არ არის. უკრაინაში აგრესიის წინ, იგივე იყო. მათი პროპაგანდა წლებია სწორედ ამ ხაზს აწვება, რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ცოტა ხნის წინ თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ საბჭოთა კავშირი აღდგებაო“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს.

მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი.

„საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“, - ნათქვამი იყო პოსტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა