"ეს არის მილიარდების უაზრო ფლანგვა" - რომან გოცირიძე 2025 წლის ბიუჯეტზე
პარლამენტარი რომან გოცირიძის შეფასებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლისთვის გამოაქვეყნა, ზუსტად იმეორებს ხელისუფლების გასული წლების მიდგომებს და მმართველი პარტიის ფინანსურ ინტერესებსაა მორგებული. ამის შესახებ დეპუტატმა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
რომან გოცირიძემ ორი მიმართულება გამოყო, რომელიც ბიუჯეტის პროექტშია ხაზგასმული და, პარლამენტარის თქმით, მხოლოდ ამომრჩევლის მოზიდვას ემსახურება.
"ეს არის იგივე ბიუჯეტი, თავისი მიდგომებით, რაც იყო ბოლო წლებში. ეს არის ფულის, მილიარდების, უაზრო ფლანგვა, მორგებული "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებზე და, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიუჯეტიდან დიდძალი ოდენობის ფული იხარჯება ქართული ოცნების ბიზნესის მომსახურებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს პირველად დოკუმენტში აქცენტი მხოლოდ სოციალურ ნაწილზეა და ჰგონიათ, რომ ეს შესავალი მოხიბლავს ამომრჩეველს და წინასაარჩევნოდ მოიზიდავს მათ. მაგრამ სინამდვილეში ამის უკან სამარცხვინო რამ იმალება: პენსია იზრდება 20 ლარით. ეკონომიკური ზრდის და ფორმულის შედეგად, როცა ზრდას ემატება ინფლაცია, მაშინ გამოდის, რომ მატება 20 ლარზე ნაკლებიც გამოვა. არადა, არის ჩანაწერი, რომ ზრდა 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამ ტემპით რომ გაიზარდოს პენსია, ოპოზიციის მიერ ორიენტირებულ 1000 ლარს ის 30 წლის შემდეგ მიაღწევს.
მეორე, რაც დოკუმენტიდან თვალში საცემია ისაა, რომ გრანტები განახევრებულია. მაგრამ თუ სანქციები დაედო ქვეყანას, არა თუ გრანტები, ის კრედიტები, რაც ინფრასტრუქტურას, თავდაცვას ხმარდება და ის უზარმაზარი რესურსები, რაც მოდიოდა აშშ-სგან და ევროკავშირისგან - ყველაფერი გაჩერდება", - აცხადებს რომან გოცირიძე.
პარლამენტარი ხელისუფლების რიტორიკას, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტი დასავლური გრანტების გარეშეც ივსება, დემაგოგიას უწოდებს და აცხადებს, რომ შეჩერებული გრანტების სხვადასხვა პროგრამას ბიუჯეტის გვერდის ავლით აფინანსებდა.
"ეს დემაგოგიაა. ერთი შეხედვით, საბიუჯეტო გრანტები ყოველთვის ნაკლებია, მაგრამ ის უზარმაზარი დახმარებები, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა არხებიდან, ბიუჯეტის გვერდის ავლით იყო. მაგალითად ც ჰეპატიტის პროგრამა სამთავრობო არ იყო, მაგრამ მედიკამენტები 2 მილიარდი დოლარი მაინც ეღირებოდა USAID-ის დაფინანსებით. ბევრი დახმარება შემოდიოდა ქვეყანაში ბიუჯეტის გვერდის ვალით.
ეს არის ტენდენცია, გაჩვენებენ, რომ გvიზღუდავენ გრანტებს, როგორც EU-ს გრანტი, დანიის მთავრობის, ამერიკის დაფინანსება გაგვიჩერდა… ეს იყო პირველი გაფრთხილება, "წინა-სასანქციო" სიგნალი, თორემ შემდეგ ეს გახდება ტოტალური", - აცხადებს რომან გოცირიძე.