თეგებით ძიება

8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი, გთხოვთ ყველას, თარიღებზე სპეკულაციას თავი დავანებოთ - პრემიერი

პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი.

„მე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი 8 აგვისტო არასოდეს გამხდარა განხილვის საგანი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, კიდევ მინდა ვთქვა, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. ახლა მე გეტყვით მთავარს. მთავარი რაც არის, არის შემდეგი - ჩვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული კითხვები, მინდა გთხოვოთ, რომ პატივი მიაგოთ გარდაცვლილი გმირების ხსოვნას“, - განაცხადა პრემიერმა.

2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლოკების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდებეა. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცებას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გატაცებას. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა