"საქართველოს ხელისუფლება კრემლის და მისი აგენტურის გამოგონილი ბრალდებებით, გაუგონარ, ანტიდასავლურ პროპაგანდას აწარმოებს!!!" - კახა მიქაია
სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზე წერს:
"08. 08. 20008.
აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე, მთელი დასავლეთი აღიარებს, რომ 2008-ში შეცდომა დაუშვა, რადგან არადეკვატურად შეაფასა ის რისკები და გამოწვევები, რაც შეიძლებოდა მომავალში რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ აგრესიას მოჰყოლოდა ევროპისთვისა და არა მხოლოდ მისთვის...
ვიოლა ფონ კრამონმა ისიც დაწერა, რომ 2008-ში ჩვენ გვეძინა და ახლა ამის ფასს უკრაინაში ვიხდითო...
ასეთია დღეს რუსეთის წინააღმდეგ კონსოლიდირებული დასავლეთის განწყობა ჩვენ მიმართ და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე!
...და ამ დროს...
საქართველოს ხელისუფლება კრემლის და მისი აგენტურის გამოგონილი ბრალდებებით, გაუგონარ, ანტიდასავლურ პროპაგანდას აწარმოებს!!!
ნიშანდობლივია, რომ
ამ კამპანიაში ჩართულია, (საბედნიეროდ გამონაკლისიც არსებობს და ღმერთმა არ ქნას, ეს ასე არ იყოს), სწორედ ის ხალხი, ვინც მხარი დაუჭირა და პირდაპირ, იარაღით ხელში, მონაწილეობდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში, რუსეთის მიერ განხორციელებულ პირველ აგრესიაში-91-92 წლების სახელმწიფო გადატრიალებაში!!!
დიახ, პატივცემულებო!
91-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება იყო რუსეთის აგრესია და ომი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და არავითარი სამოქალაქო ომი!!!
ვფიქრობ, სანამ სახელმწიფო დონეზე არ მოხდება ამის გააზრება და სამართლებრივი შეფასება, მანამდე, რუსეთი ყოველთვის მოახერხებს პროვოკაციებისა და დასავლეთის, პირველ რიგში, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთხზული ჭორებისა თუ მითების კალეიდოსკოპის დატრიალებას ჩვენს ქვეყანაში!!!
მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ წლების განმავლობაში ისტორიის სწორ მხარეს იდგა!!!
დიდება იმ გმირებს, ვინც თავი შესწირა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას და გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე!!!
უფალი ჰფარავდეს ჩვენს სამშობლოს", - წერს მიქაია.
2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. რუსეთ-საქართველოს ომი 7 აგვისტოს დაიწყო. რუსული საოკუპაციო ძალების სამხედრო ინტერვენციას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი ემსხვერპლა, ხოლო საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; რუსული აგრესიის შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლოკების დამოუკიდებლობა ცნო და მათი ოკუპაცია განახორციელა. რუსეთი დღემდე აკონტროლებს საქართველოს ამ ტერიტორიებს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდებეა. საოკუპაციო ძალები აგრძელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიების მიტაცებას და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების გატაცებას. საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთი კვლავ აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას.